29 ოქტომბერი 2026,   01:04
ვრცლად
"პირველ ლედის ჰქონდა შესაძლებლობა ქართველი ხალხის ხმა გაევრცელებინა, გაეჟღერებინა ის პრინციპები, რასაც საქართველო ემსახურება ბავშვის ინტერესების დაცვის კუთხით" - მარიამ ლაშხი

საქართველოს პირველი ლედის ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება. თამარ ბაგრატიონი შეერთებულ შტატებში მელანია ტრამპის მიწვევით იმყოფება.

დღეს, ვაშინგტონში მიმდინარე სამიტის ფარგლებში, მელანია ტრამპი პრეზიდენტების მეუღლეებს თეთრ სახლში მრგვალი მაგიდის ფორმატში უმასპინძლებს. მანამდე კი, საქართველოს პირველმა ლედიმ მონაწილეობა უკვე მიიღო გლობალური სამიტის - "ერთად უკეთესი მომავლისთვის" სამუშაო სესიაში, სადაც მან შეკრებილებს სიტყვით მიმართა. აქცენტი ბავშვთა კეთილდღეობასა და მომავალზე, ასევე იმ ნაბიჯებზე გაკეთდა, რომლებსაც საქართველო ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე დგამს.

შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს საქართველოს პირველმა ლედიმ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოფენა დაათვალიერა.

როგორც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა აღნიშნა, პირველი ლედის სიტყვას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა მელანია ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან.

"საქართველოს პირველ ლედის ჰქონდა შესაძლებლობა რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, წარმოეთქვა სიტყვა და ქართველი ხალხის ხმა გაევრცელებინა სახელმწიფო დეპარტამენტში. გაეჟღერებინა ის ძირითადი მიმართულებები და პრინციპები, რასაც საქართველო ემსახურება, როგორც ბავშვის ინტერესების დაცვის კუთხით, ასევე ციფრული გამოწვევების ფონზე, ჩვენი ეკონომიკურ-ტექნოლოგიური განვითარების კუთხით.

მნიშვნელოვანი იყო ის გამოხმაურებები, რაც ჩვენ პირველ ლედის გამოსვლის შემდეგ ჰქონდა. ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა კომპლიმენტებით აავსო პირველი ლედი და თქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დამამახსოვრებელი ნაწილი მის გამოსვლაში იყო ის, რომ დედური ინსტინქტის ტრანსფორმაცია ხდება გლობალურ მოძრაობასა და გაერთიანებაში", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

დღის ამბები