ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი კვლავ პოლიტიკური შეფასების თემაა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ხოშტარია საპყრობილეში პოლიტიკურად განსხვავებული პოზიციებისთვის არ არის და ეს ყველამ კარგად იცის.
"ჩემი აზრით, ხოშტარია პოლიტიკური ოპონენტი არ არის ჩვენთვის. ჩვეულებრივი ხულიგანია. პოლიტპატიმრობის მანტია უნდოდათ მოეხვიათ, როდესაც საპყრობილეში თავის ნებით წავიდნენ, მათ შორის, ხოშტარია, იმიტომ, რომ როდესაც გიაროს არ იხდი, მიზანი გაქვს ის, რომ მოხვდე საპყრობილეში. ეს არის უცხოეთიდან თუ შენი ნებით, ეს სხვა საკითხია.
ხოშტარია პოლიტიკურად განსხვავებული პოზიციებისთვის რომ არ არის საპყრობილეში, ეს ყველამ კარგად იცის. მარტო ის რად ღირს, რომ მან თავად აღიარა, საწყობებში ჰქონდა პიროტექნიკა, ბენზინი, ბოთლები, ყველაფერი, რითაც უნდა დაეწვათ პოლიციელები და შტურმი განეხორციელებინათ პარლამენტზე. თვითონ აღიარა, მტკიცებულებებიც აღარ არის მოსაპოვებელი", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მმართველი გუნდი ელენე ხოშტარიას საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციის კამპანიაზე საუბრობს.
"კოალიცია ცვლილებისთვის" მოსამართლის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დევნას უწოდებს. მმართველ გუნდში კი ელენე ხოშტარიას სამართლებრივ წარსულს იხსენებენ და აცხადებენ, რომ ის არის მძიმე კრიმინალური ისტორიის მქონე პირი, წარსულში არაერთხელ ნასამართლევი, ათეულობით ადმინისტრაციული წესით სამართალდამრღვევი და ასევე მძიმე, ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟის მუხლით ბრალდებული.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ხოშტარიამ შეგნებულად არ გადაიხადა გირაო, რათა ოპოზიციასა და მათ პარტნიორებს მისი შვილებით აპელირების საშუალება ჰქონდეთ.