27 ოქტომბერი 2026,   08:31
ვრცლად
მე ვერცერთ მღვდელმთავარზე აუგს ვერ ვიტყვი, რადგან ყველა მათგანი არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი - ირაკლი ფავლენიშვილი

ვიდრე საქართველო ილია მეორეს ემშვიდობება, ოპოზიციური ჯგუფებისა და აქტივისტების მხრიდან სოციალურ ქსელში სიძულვილის კამპანია არ წყდება. ამჯერად შეურაცხმყოფელი და აგრესიული განცხადებები ისმის მეუფე შიოს მიმართ.

მას რუსეთთან კავშირში ადანაშაულებენ. ასევე რამდენიმე პროპაგანდისტული მედია ცდილობს ხელოვნურად შექმნას თემა თითქოს სინოდში დაპირისპირება. მმართველ გუნდში აცხადებენ რომ ამ კამპანიის მიზანი ოპონენტების მხრიდან პროცესის დაზიანება და ეკლესიის ავტორიტეტის შელახვაა.

პარტია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ეკლესიის საქმეებში ჩარევას არ აპირებს. 

"მე ვერცერთ მღვდელმთავარზე აუგს ვერ ვიტყვი, რადგან ყველა მათგანი არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი. არანაირი პრეტენზიები არცერთ სინოდის წევრთან "ნაციონალურ მოძრაობას" და პირადად მეც, რა თქმა უნდა, არ გვაქვს, რაც შეეხება შიდა ეკლესიურ საკითხებს, ამაზე კომენტარებს იმიტომ არ ვაკეთებ, რომ ჩემი საქმე არ გახლავთ," - აცხადებს ფავლენიშვილი. 

"გახარია საქართველოსთვის" წევრის ტატა ხვედელიანის თქმით, წმინდა სინოდის ნებისმიერ გადაწყვეტილება იქნება მისაღები.

"უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალებიდან მეცხრე დღეა. შესაბამისად, ქრისტიანულად ჩვენ გლოვაში ვიმყოფებით. რა თქმა უნდა, ახლა ასეთი განცხადებები ძალიან უხერხული და უმძიმესია. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენი პოზიციაა, რომ წმინდა სინოდის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ. არავინ უნდა ჩაერიოს ეკლესიისა და წმინდა სინოდის საქმეში", - აღნიშნა ტატა ხვედელიანმა.

დღის ამბები