27 ოქტომბერი 2026,   14:14
ვრცლად
სიონი - ტაძარი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

სიონის საკათედრო ტაძარი ერთ-ერთი იმ ნაგებობათაგანია, რომლის გარეშე ძველი თბილისის წარმოდგენა თითქმის შეუძლებელია. საუკუნეების განმავლობაში იგი ქალაქის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და დღემდე ინარჩუნებს თავის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

ტაძარი ძველი თბილისის გულში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. ეს მდებარეობა შემთხვევითი არ არის. ქალაქის შუაგულში აღმართული სიონი თავიდანვე არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი გახდა. აქ იკვეთებოდა ქალაქის რელიგიური, პოლიტიკური და კულტურული ხაზები. საუკუნეების განმავლობაში თბილისი იცვლებოდა, ნადგურდებოდა და თავიდან შენდებოდა, თუმცა სიონი მაინც რჩებოდა იმ მთავარ ადგილად, რომელიც ქვეყნის ისტორიას და სულიერებას ინახავდა.

გადმოცემის მიხედვით, ამ ადგილზე პირველი ეკლესია ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის ეპოქაში არსებობდა. მოგვიანებით, VI საუკუნეში, ქართლის ერისმთავარ გუარამ კურაპალატის დროს დაიწყო უფრო დიდი ტაძრის მშენებლობა, რომელიც VII საუკუნის 20-იან წლებში, ადარნასეს მმართველობისას დასრულდა. ეს მხოლოდ სამეფო ნების შედეგი არ ყოფილა - წყაროები გვაუწყებს, რომ მშენებლობაში ქალაქის მოსახლეობაც მონაწილეობდა. ასე შეიქმნა ტაძარი, რომელის მშენებლობაც თავიდანვე საერთო საქმედ აღიქმებოდა და ამიტომაც, ალბათ, ბევრად მეტი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ნაგებობა.

ტაძარი, რომელიც მტრების პირველ სამიზნედ იქცა

სიონის ტაძარი იმდენჯერ დაურბევიათ, რომ მისი დღევანდელი სახე ერთიანად არცერთ საუკუნეს არ ეკუთვნის. 1226 წელი სიონის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და მძიმე პერიოდი იყო - როდესაც ხვარაზმის შაჰმა ჯალალ-ედ-დინმა თბილისი აიღო. გადმოცემით, მისი ბრძანებით, სიონის გუმბათს თავი მოხადეს და იქ მისი ტახტი დადგეს. ამ სიმაღლიდან ადევნებდა თვალს იმ ქართველთა წამებას, რომლებმაც სიონის ტაძრიდან გამოტანილი ხატების შეურაცხყოფაზე უარი თქვეს. ეს ეპიზოდი სიონის ისტორიას ასი ათასი მოწამის ამბავთან აკავშირებს და ტაძარს მოწამეობრივ მნიშვნელობასაც ანიჭებს. შემდეგ მოდის თემურ-ლენგის შემოსევა, შაჰ-ისმაილის ძარცვა, შაჰ-თამაზისა და შაჰ-აბასის ლაშქრობები, ლეკთა თავდასხმები, ოსმალთა ზეწოლა, ბოლოს კი 1795 წლის მძიმე მოვლენები, როდესაც აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას, თბილისთან ერთად, სიონიც ხანძარმა და ნგრევამ მოიცვა.

ტაძრის ისტორიაში განსაკუთრებით დრამატულია XVIII საუკუნის ის მონაკვეთი, როდესაც მის მეჩეთად გადაკეთებას აპირებდნენ. ოსმალური მმართველობის პირობებში ასეთი საფრთხე სრულიად რეალური იყო. გადმოცემის მიხედვით, თბილისის მიტროპოლიტისა და სასულიერო პირთა თხოვნით, გივი ამილახვარმა თავისი გავლენა გამოიყენა და, დიდძალი ძღვენის სანაცვლოდ, ტაძრის გადარჩენა შეძლო. მადლიერების ნიშნად, სიონის სამღვდელოება წლების განმავლობაში მის სახელზე წირვას აღავლენდა. 

 

არქიტექტურა, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლებოდა

სიონის ტაძარი განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ნიმუშია. იგი ე.წ. ჩახაზული ჯვრის ტიპის ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი დასავლეთის ორ თავისუფლად მდგომ ჯვარისებური კვეთის სვეტსა და საკურთხევლის კედლებს ეყრდნობა. აღმოსავლეთ მხარეს, ხუთწახნაგა აფსიდებია, საკურთხევლის ორივე მხარესაც დამატებითი აფსიდებია განლაგებული. ეს ყველაფერი ტაძრის გეგმას მკაცრ სიმეტრიას აძლევს. მკვლევართა შეფასებით, ტაძრის ძირითადი გეგმა XII საუკუნის შემდეგ არსებითად აღარ შეცვლილა. 1710 წელს, ვახტანგ VI-მ ტაძრის გარე კედლები და გუმბათი ბოლნისის ტუფის ქვით მოაპირკეთა. გუმბათის ყელი გარედან თექვსმეტწახნაგაა და თითოეულ წახნაგში ვიწრო სარკმელია ჩასმული. 

XX საუკუნის მიწურულს, ილია მეორის აღსაყდრების შემდეგ, სარესტავრაციო სამუშაოები განსაკუთრებით გააქტიურდა და, არქიტექტორ-რესტავრატორ ტარიელ კიპაროიძის პროექტით, ტაძრის სივრცემ განახლებული იერი მიიღო. ამ სამუშაოების ფარგლებში, შეიქმნა ახალი კანკელი, განახლდა მინაშენები და გუმბათზე ახალი ჯვარიც აღიმართა.

ტაძრის მხატვრობა

სიონის ეკლესიას მისი მოხატულობაც გამოარჩევს, ტაძარი იმდენჯერ დაზიანდა, რომ ძველი ფრესკბის დიდი ნაწილი დაიკარგულია. XIX საუკუნის 50-იან წლებში გრიგოლ გაგარინმა სიონი ახლიდან მოხატა. მისი ნამუშევრები შესრულებულია ცვილის საღებავებით, რაც იმ დროისთვის ტექნიკურად თანამედროვე და გამძლე მეთოდად ითვლებოდა. თუმცა, ვიზუალურად ეს ფერწერა მკვეთრად განსხვავდება ძველი ქართული ფრესკებისგან. ფერები უფრო ინტენსიური და კონტრასტულია, ფიგურები, უფრო მოცულობითი და ევროპული  სტილის გავლენით შესრულებული. გაგარინის მოხატულობაში ქართველ წმინდანებს მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობათ. ტაძრის დასავლეთი ნაწილი 1978-79 წლებში ლევან ცუცქირიძემ ხელახლა მოხატა. 

სიონის ტაძარი მხოლოდ რელიგიური, არქიტექტურული ან ისტორიული ძეგლი არ არის. მისი მნიშვნელობა უპირველესად იმ სიწმინდეებით განისაზღვრება, რომლებიც აქ ინახება. ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის წმინდა ნინოს ჯვარია - ვაზის რტოსგან შეკრული ჯვარი, აქვეა დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი მადლის ქვა, წმინდა თომა მოციქულის თავის ქალა, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ივერიის ღვთისმშობლის ხატი, სიონის ღვთისმშობლის ხატი, წმინდა ნინოს, წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოზის, წმინდა ბარბარეს და სხვა გამორჩეული ხატები. 

 

სამრეკლოები - ორი ეპოქის დიალოგი

სიონის კომპლექსში ორი სამრეკლოა და ორივე განსხვავებულ დროსა და არქიტექტურულ მიმდინარეობას ეკუთვნის. ტაძრის ჩრდილოეთით, ეზოში მდგომი სამრეკლო შუა საუკუნების დროინდელია. იგი მეფე ალექსანდრე I-ის ხანას უკავშირდება და XV საუკუნის პირველსავე ნახევარში ყოფილა აგებული, თუმცა მოგვიანებით არაერთხელ დაზიანდა და აღდგა. 1795 წლის შემოსევის შედეგად იგი მნიშვნელოვნად დაინგრა, XX საუკუნეში კი კვლავ აღადგინეს.

მეორე სამრეკლო ტაძრის დასავლეთით, ქუჩის მეორე მხარეს დგას. იგი მაღალი კოშკით დაგვირგვინებული, ნეოკლასიკური შენობაა და გავრცელებული ცნობებით 1812 წელს აიგო. თბილისის ურბანულ ქსოვილში ეს ნაგებობა განსაკუთრებულად თვალშისაცემია, რადგან უკვე სხვა ეპოქის, სხვა ესთეტიკისა და სხვა პოლიტიკური კონტექსტის ნაწილია. სიონის ეზოს შუა საუკუნეების სამრეკლო და ქუჩის მეორე მხარეს მდგომი კლასიცისტური კოშკი ერთმანეთის გვერდით თითქოს ორი განსხვავებული ისტორიის დიალოგს ქმნის.

 

სიონი, როგორც საძვალე და ეროვნული მეხსიერების ადგილი

სიონის შიდა სივრცეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ისიც სძენს, რომ იგი ერთგვარი საძვალეც არის - ადგილი, სადაც საქართველოს საეკლესიო და ისტორიული მეხსიერება ინახება. ტაძარში განისვენებენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები - კირიონ II, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე, მელქისედეკ III, ეფრემ II და დავით V. სიონის საპატრიარქო ტაძარი იქცა ილია II-ეს სამუდამო განსასვენებლადაც, ის საქართველოს ეკლესიის 141-ე პატრიარქი იყო.

ტაძარში ასევე დასვენებულია წმინდა იოანე მანგლელის ნეშტი, პოეტ ვახტანგ ორბელიანის საფლავი და სხვა სასულიერო თუ საერო მოღვაწეთა განსასვენებლები. გადმოცემის მიხედვით, აქვე უნდა იყვნენ დაკრძალული ტაძრის მშენებლები - ერისმთავრები გუარამი და ადარნასე.

 

სიონი მხოლოდ ძველი ტაძარი არ არის - იგი არის ადგილი, სადაც თბილისის ისტორია, რწმენა და მეხსიერება ერთიანდება. საუკუნეების განმავლობაში ნგრევისა და აღდგენის გზით მან შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა და დღესაც რჩება ქალაქის ერთ-ერთ მთავარ სულიერ და კულტურულ ცენტრად. სიონის სივრცეში ერთმანეთს ხვდება წარსული და დღევანდელობა, ადამიანები და მოვლენები, რომლებმაც ქვეყნის ისტორიას მიმართულება მისცეს.

 

 

დღის ამბები