26 ოქტომბერი 2026,   17:11
ვრცლად
შვედეთის და ნორვეგიის ელჩების ჩარევა საქართველოს სასამართლო სისტემაში - ელჩები ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილ განაჩენს აპროტესტებენ

შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა ლიბერგი აცხადებს, რომ ოპოზიციური ლიდერის, ელენე ხოშტარიას განაჩენი ოპოზიციის წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედების კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც კითხვებს აჩენს.

"ოპოზიციური ლიდერის, ელენე ხოშტარიას განაჩენი ოპოზიციის წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედების კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც კითხვებს აჩენს. კანონის უზენაესობა, პროპორციულობა და გამოხატვის თავისუფლება, თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედებია", - აცხადებს შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა ლიბერგი.

საქართველოში ნორვეგიის ელჩი ბერლიო ჰოვლანდი აცხადებს, რომ ელენე ხოშტარიას განაჩენი არაპროპორციული და გაუმართლებელია.

"ელენე ხოშტარიას განაჩენი არაპროპორციული და გაუმართლებელია. სასამართლოს გადაწყვეტილება ამყარებს საქართველოში ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრების პრობლემურ მოდელს და შლის გამოხატვის თავისუფლებასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებისადმი საზოგადოებრივ ნდობას", - აცხადებს საქართველოში ნორვეგიის ელჩი ბერლიო ჰოვლანდი.

ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა - ასე აფასებს მმართველი გუნდი შვედეთისა და ნორვეგიის ელჩების განცხადებებს. დიპლომატების კრიტიკა ელენე ხოშტარიას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რაც ელჩებმა არაპროპორციულ და გაუმართლებელ ნაბიჯად შეაფასეს.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დიპლომატების მხრიდან მართლმსაჯულების პროცესში მსგავსი ფორმით ჩარევა კატეგორიულად მიუღებელია. მმართველ გუნდში ასევე ხაზს უსვამენ, რომ ელენე ხოშტარიამ თავად უარი თქვა კანონით დადგენილი პროცედურების შესრულებაზე, გირაოს გადახდაზე, რაც სამართლებრივად პროცესის სხვაგვარად წარმართვას შეუძლებელს ხდიდა. ამასთან, უმრავლესობაში ყურადღებას ამახვილებენ მის სამართლებრივ წარსულზეც.

ავტორი: ნანა გოგატაძე

 

 

 

დღის ამბები