26 ოქტომბერი 2026,   16:41
ვრცლად
დიდი კანუდოსელი - გურამ დოჩანაშვილი

"დედამიწას სიყვარული ატრიალებს.. ასე რომ არა, დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას" - გურამ დოჩანაშვილს სიყვარულიც სხვანაირად ესმოდა და იცოდა. მაძიებელი მწერალი, რომელიც არასდროს კმაყოფილდებოდა იმით, რასაც მიაღწია. უნდოდა ბოლომდე ზიარებოდა სამყაროს იდუმალებას. მისი კონცეფცია თავისუფლება და სიყვარულია, რითაც ღმერთს ერწყმის. ხშირად ამბობენ, რომ როგორიც არის მისი შემოქმედება, ზუსტად ისეთი ადამიანი იყოო.
კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, 1939 წლის 26 მარტს დაიბადა, მამამისი, პეტრე დოჩანაშვილი, ექიმი იყო. დედა კი, გულნარა ემხვარი, აკაკი წერეთლის დის შვილთაშვილი. თბილისის სხვადასხვა უბანში გატარებული ბავშვობა, როგორც ჩანს, მისთვის მომავალში ცოცხალი და უშრეტი ფანტაზიის წყარო გახდა.

Open photo

ცნობილია, რომ ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული ინტერესით წიგნების, ისტორიებისა და ადამიანების მიმართ. მისი ცხოვრების გზა არ ყოფილა მხოლოდ ლიტერატურით განსაზღვრული, 1962 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა და მონაწილეობა ათობით არქეოლოგიურ ექსპედიციაში მიიღო.

Open photo

1957 წელს გურამმა მუსიკალური სასწავლებელი, ვიოლინოს კლასი, დაამთავრა და ალბათ სწორედ აქედან მოდის მისი ფანატიკური სიყვარული მუსიკისადმი. 1962 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაასრულა, რის შემდეგაც აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ ექსპედიციებში და სერიოზულ სპეციალისტადაც ჩამოყალიბდა. შემდგომში, ჟურნალ "მნათობში" პროზის განყოფილებას, მწერალთა კავშირში პროზის სექციას ხელმძღვანელობდა, კინოსტუდია "ქართულ ფილმში" კი მთავარი რედაქტორი იყო.

დოჩანაშვილის ლიტერატურული დებიუტი 1960-იან წლებში შედგა, მალევე გახდა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხმა ქართულ პროზაში. მისი ტექსტები განსხვავდებოდა ტრადიციული საბჭოთა რეალიზმისგან - ისინი თავისუფალი, ხშირად ალეგორიული და ღრმად ადამიანური იყო.

მისი პირველი მოთხრობები 1961 წელს, "ცისკარში" დაიბეჭდა, პირველი წიგნი - "მთის გადაღმა" კი 1966 წელს გამოსცეს. ამავე წელს, მას და მის ცოლს, ნათელა სეფიაშვილს, პირველი შვილი შეეძინათ.

მისი მეუღლე ნათელა სეფიაშვილი იხსენებს: 

პირველად მოთხრობა რომ მიუტანია დასაბეჭდად, უთქვამთ, სხვა საქმეს მოჰკიდე ხელიო. გაბრაზებულს, მისი სახელის პირველი ასო ამოუკაწრავს კედელზე და ყოველდღე იმეორებდა - "ეს როგორ მითხრაო". 

ყველაფერთან ერთად, გურამ დოჩანაშვილი გასაოცარ სცენარებს წერდა. მისმა ხედვამ სრულიად შეცვალა, გაამდიდრა ქართული პროზა. მისი მთავარი მისია მკითხველის სულში ჩაწვდომა იყო.

თბილისში გაიზარდა, ამიტომ, მის შემოქმედებას ბუნებრივად გასდევს თბილისური სული. მისი ლიტერატურული ნაწარმოებები ხშირად აერთიანებს იუმორსა და სევდას, რეალობასა და ფანტაზიას, სარკაზმსა და სულიერ ძიებას. ეს ლიტერატურული ხერხები ქმნის იმ გასაოცარ შედევრებს, რომლებიც დაგვაფიქრებს, მერე გაგვახსენებს ცხოვრებაში ყველაზე მთავარს.

Open photo

17 წლის დოჩანაშვილი, ანტისაბჭოური პროპაგანდის ბრალდებით, სკოლის მეგობრებთან ერთად დააკავეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა განაჩენი მოგვიანებით პირობითი სასჯელით შეეცვალა.

მისი ლიტერატურული მემკვიდრეობიდან, განსაკუთრებით მაინც "სამოსელი პირველი" და პატარა მოთხრობები  გამოირჩევა:

"სამოსელი პირველი" თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, 1975 წელს გამოიცა. მიუხედავად ამისა, იგი კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე მკითხველებს შორის. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ რომანი 2014 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის - "ჩემი წიგნი", ერთ-ერთი ფინალისტი იყო. ათასობით მკითხველმა ნაწარმოები ყველა დროის 15 ყველაზე საყვარელ პროზაულ ტექსტს შორის დაასახელა.

რომანი ერთგვარი ალეგორიული და ფილოსოფიური ნაწარმოებია. წიგნი მოგვითხრობს ადამიანის სულიერ გზაზე, შეცდომებზე, მონანიებასა და გადარჩენაზე.

"სამოსელი პირველის" გამოცემიდან ექვსი წლისთავზე, დოჩანაშვილმა ნოველა "ვატერ(პო)ლოო" ანუ აღდგენითი სამუშაოები გამოაქვეყნა, რომელმაც კიდევ უფრო გაზარდა მწერლის პოპულარობა მკითხველთა ფართო წრეებში. მოგვიანებით, 1989 წელს, ნინო ახვლედიანის რეჟისურით და თავად ნაწარმოების ავტორის სცენარით, გადაიღეს ფილმი "ბესამე".

"დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით".

როდესაც გურამ დოჩანაშვილი მონასტერში წავიდა, სადაც მას თავისი ოთახი აქვს და მუშაობდა, მის მეზობლად 9 აპრილის ტრაგედიის ერთ-ერთი მსხვერპლი, დავით ფაილოძე აღმოჩნდა. სულიერად უძლიერესმა ამ ადამიანმა, რომელმაც 9 აპრილის ღამეს მხედველობა დაკარგა, უდიდესი გავლენა მოახდინა გურამზე და ასე დაიბადა რომანი - "ბრმად ყოფილი და…", ისევე შემთხვევით, როგორც დიდი რომანები იბადება ხოლმე.

Open photo

ბევრი მძიმე პერიოდი გაიარა, მაგრამ ყველაზე დიდი დარტყმა შვილის დაკარგვამ მიაყენა. გურამ დოჩანაშვილს 22 წლის ვაჟი ჰყავდა გარდაცვლილი. კლასიკოსმა ეს დიდი ტკივილი მთელი ცხოვრება ჩუმად ატარა. 

ირაკლი დოჩანაშვილი 1990 წელს ტრაგიკულად გარდაიცვალა. მეგობრებთან ერთად სადღაც აგარაკზე იყო, მოაჯირზე იჯდა და აივნიდან გადავარდ.

ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ დიდი ხანი ვეღარ აგრძელებდა წერას. ხელი ჰქონდა ჩაქნეული. სრულად შეიცვალა როგორც მისი ცხოვრება, ასევე მწერლობაც. უმძიმესი დღეების გადატანაში სასულიერო პირები და ახლო მეგობრები დაეხმარნენ, რამაც ეკლესიასთან, ღმერთთან დააახლოვა. გადარჩენასა და უფლისადმი მიქცევას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს უმადლოდა.

გურამ დოჩანაშვილი: "შვილი რომ გარდამეცვალა, სამძიმრის დღეებში ბატონი ნიკო ჭავჭავაძე იცით, რა დროს მოდიოდა ხოლმე? - ღამის 12 საათზე და მთელ ღამეს ჩემთან იჯდა. ბატონი რეზო ჩხეიძე კიდევ საღამოობით მოდიოდა და 6-დან 11 საათამდე ფეხზე იდგა. ამას განვიცდიდი და ორივეს ვეხვეწებოდი, რას არ ვეუბნებოდი, წაბრძანდით, ჩემი შვილი მაგლოვეთ-მეთქი, მაგრამ არაფრით მტოვებდნენ. ასეთები იყვნენ! მაშინდელი თანაგრძნობა და დღევანდელი რომ შევადარო, დღეს იმის ნატამალს ვერ ვხედავ.
ვერც იმას გაიგებ დღეს, ვინ ვისი მეგობარია. მხოლოდ დროებით შეეკვრებიან ერთმანეთს.
დღესაც რაიმე რომ გამიჭირდება, ფიქრებით სულ მათ ვეკითხები რჩევას და ვერ წარმოიდგენთ, რა სიმართლეს მეუბნებიან. აბა, არ ვიცი, დღეს ვისთან მივიდე. თქვენ გეკითხებით - დღეს ვინმე გეგულებათ ეგეთი? ხანდახან მიკვირს, რანაირად ვარ ცოცხალი! ეგეთი ძნელი დრო, რაც დღეს არის, არც მახსენდება".

"ხანდახან იმის დადგენაც კი ჭირს, ვინ ცუდია და ვინ კარგი. რამდენჯერ მოგვსვლია: შეხედავ კაცს, მოგეწონება, გაიცნობ მოგეწონება, დაგელაპარაკება მოგეწონება, დაგელაპარაკება ისევ - უიმე, მტრისას… შემოიკრავ თავში ხელს, როგორ შევცდი, ვინ მეგონა და… პირიქითაცაა: შეხედავ, აგბურძგლავს, გაიცნობ - დაგბურძგლავს, დაილაპარაკებს - დაგთუთქავს, მერე კიდევ მოუსმენ, შეხედავ, ახედავ, დახედავ და… არც ისე ცუდი კაცია. და მერე სულ ერთია, არაა ცუდი. მაგრამ მესამენიც არიან, სერგო ჩემო, ყველაზე ძნელი ხალხი: შეხედავ - კარგია, გაიხედავ - ცუდი, გაივლი, გამოივლი, შეხედავ - ისევ კარგია, წახვალ, წამოხვალ - მაინც ცუდი… წარმოგიდგენია? ხან კარგი, ხან ცუდი, ხან კარგი, ხანაც… და სულ ასე. საერთოდ კი, რომ აღინიშნოს, ამ მესამე კატეგორიაში რაოდენობრივად ყველაზე მეტი შედის…"

Open photo

 

სიცოცხლეშივე კლასიკოსად აღიარებულმა მწერალმა 82 წლის განმავლობაში ისეთივე დაძაბული, ფათერაკებით დახუნძლული და, ამასთან, სევდით და სიყვარულით გაჯერებული თავგადასავალი გამოიარა, როგორიც მის ნაწარმოებებშია აღწერილი. ზუსტად ასეთივე ადამიანად ახასიათებენ მას ისინი, ვინც ერთხელ მაინც მოახერხა მწერალთან შეხვედრა - სიყვარულით და სითბოთი სავსე. თუმცა, მწერლის, მით უმეტეს, დოჩანაშვილისნაირი შემოქმედის წილი ბედი ისიცაა, რომ დაუსწრებლად იცნობს ათასობით მკითხველს - ადამიანებს, ვინც უცნაური მაგიის გამო ნაცნობ კანუდოსში აღმოჩენილა.

თბილისის საპატიო მოქალაქე  2021 წელს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალეს საკუთარი შვილის გვერდით, საბურთალოს სასაფლაოზე, ისე როგორც ისურვა.

დღის ამბები