27 ოქტომბერი 2026,   05:19
ვრცლად
მიიღო გადაწყვეტილება, დანაშაული ჩაედინა, გირაო არ გადაეხადა და შვილებთან კი არ ყოფილიყო, ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღმოჩენილიყო - შალვა პაპუაშვილი ხოშტარიაზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი,  ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ელენე ხოშტარიასთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდგომ ხელისუფლებისადმი კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოთხი შვილის დედას ჰქონდა არჩევანი - დანაშაული არ ჩაედინა, ან აერჩია დანაშაულის გზა, მაგრამ აირჩია ეფიქრა არა ოთხ შვილზე, არამედ თავის ეპატაჟზე და ჩაედინა დანაშაული:

"ელენე ხოშტარია 6 თვე იყო სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში იმიტომ, რომ ხუთიათას ლარიანი გირაო არ გადაიხადა. ოთხი შვილის დედას ჰქონდა არჩევანი - დანაშაული არ ჩაედინა, ან აერჩია დანაშაულის გზა, მაგრამ აირჩია ეფიქრა არა ოთხ შვილზე, არამედ - თავის ეპატაჟზე და ჩაედინა დანაშაული. მას ჰქონდა არჩევანი გადაეხადა ხუთიათასლარიანი გირაო და ყოფილიყო თავის ოთხ შვილთან, ან გაეგრძელებინა ეპატაჟი და მოხვედრილიყო ევროპარლამენტის რეზოლუციაში. მან აირჩია, რომ ყოფილიყო არა თავის შვილებთან, არამედ - მოხვედრილიყო ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ასე რომ, ეს ყველაფერი არის მისი არჩევანი. სხვაზე გადაბრალება არის ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა. როდესაც ეს დანაშაული ჩაიდინა, იმ დღეს, ჰოლანდიის ელჩმა საკუთარ სახლში დაპატიჟა და ელჩთან იყო სახლში. ეს არის სწორედ ექსტრემიზმის ნორმალიზება, როდესაც რადიკალებს და ექსტრემისტებს უცხოელი ელჩები სახლებში ეპატიჟებიან და უმასპინძლდებიან.

მანამდე 15 სამართალდარღვევა ჩაიდინა, ჯარიმებს არ იხდიდა. შეგნებულად მიიღო გადაწყვეტილება, რომ დანაშაული ჩაედინა, გირაო არ გადაეხადა და შვილებთან კი არ ყოფილიყო, ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღმოჩენილიყო. ამ ყველაფრისკენ გარედან იმიტომ უბიძგებენ, განაჩენი რომ გამოვა, გამოვიდეს შვედეთის ელჩი და ნიანგის ცრემლები დაღვაროს. თუ ვინმეს პატიმარია დღეს ელენე ხოშტარია თუ სხვები, სწორედ ამ უცხოელების პირადი პატიმრები არიან, რადგან სწორედ ისინი აქეზებდნენ, რომ არ ყოფილიყო სინანული, ჩაედინათ დანაშაული, დაერტყათ პოლიციელისთვის, ესროლათ „მოლოტოვის კოქტეილი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები