27 ოქტომბერი 2026,   02:03
ვრცლად
გივი მიქანაძემ ხაშურის N2 ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა.

მინისტრი განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში 450 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში განახლდა ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, ბუფეტი, ექიმის კაბინეტი, კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი. მთლიანად შეიცვალა გათბობისა და წყალმომარაგების სისტემები. შენობა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო გარე სპორტული მოედანი.

საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განახორციელა და პროექტის ჯამური ღირებულება 5 821 000 ლარზე მეტს შეადგენს.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, შეხვდა სასკოლო საზოგადოებას, სადაც კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ რეფორმას, რომელიც სასკოლო და უმაღლესი განათლების მიმართულებით მიმდინარეობს, სრული მხარდაჭერა აქვს.

"ეს არის 500-მდე ბავშვზე გათვლილი სკოლა, რომლის რეაბილიტაციაზე 6 მილიონ ლარამდე იქნა დახარჯული.

შეხვედრა გვქონდა როგორც მოსწავლეებთან, ასევე პედაგოგებთან, ვისაუბრეთ იმ რეფორმებზე, რომელიც მიმდინარეობს როგორც სასკოლო დონეზე, ასევე რეფორმებზე, რომელიც აბიტურიენტებისთვის, მე-12 კლასელებისთვის და დამამთავრებელი მე-11 კლასელებისთვის არის აქტუალური.

იყოს აზრთა გაცვლა, რითაც კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ სასკოლო საზოგადოების სრული მხარდაჭერა აქვს იმ რეფორმებს, რომლებიც როგორც ზოგადი განათლების, ასევე უმაღლესი განათლების მიმართულებით ხორციელდება", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები