27 ოქტომბერი 2026,   05:20
ვრცლად
პარიზში მოპარულ მე-19 საუკუნის წიგნებზე ორი ქართველის სისხლის კვალი აღმოაჩინეს - ექსპერტიზის დასკვნა

პარიზის ბიბლიოთეკა ერთ-ერთია იმ ევროპულ ბიბლიოთეკებს შორის, საიდანაც ბოლო წლებში რუსი კლასიკოსების უნიკალური გამოცემები მოიპარეს. მძარცველები განსაკუთრებით “ნადირობდნენ“ ალექსანდრ პუშკინის სიცოცხლეშივე გამოცემულ წიგნებზე. ჯგუფის წევრები ძირითადად ერთი სქემით იპარავდნენ - სამკითხველოში თავს მეცნიერად, ან სტუდენტად ასაღებდნენ, ითხოვდნენ ორიგინალს, რომელსაც იქვე, წინასწარ გამზადებული ყალბი ასლით ცვლიდნენ.

 

ამ მეთოდით რუსი კლასიკოსების იშვიათი გამოცემები მოიპარეს ვარშავის, ჟენევის, მიუნხენის, ტარტუს, ვილნიუსის და სხვა ქალაქების ბიბლიოთეკებიდან, თუმცა პარიზში მძარცველებმა ძარცვის სხვა ხერხს მიმართეს. 

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს ორი მოქალაქე, პარიზის ბიბლიოთეკის საცავში შუშის ჩამტვრევის გზით შეიპარა, რა დროსაც მათ ხელები დაიზიანეს. წიგნების მოპარვა შეძლეს, თუმცა პუშკინის უნიკალურ გამოცემებზე სისხლის კვალი დატოვეს. რამდენიმე თვის შემდეგ, პარიზის ბიბლიოთეკიდან მოპარულ იშვიათ გამოცემებს ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისში მიაგნეს. სისხლის ლაქებზე დაინიშნა ექსპერტიზა, რამაც მძარცველების ვინაობა უტყუარად დაადასტურა. 

ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები თბილისში ათობით მისამართზე ჯერ კიდევ ორი წლის წინ ჩატარდა. 

სამართალდამცველებმა 5 ბრალდებული დააკავეს, დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერს, ბექა ცირეკიძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რადგან ის ამჟამად სასჯელს მსგავსი დანაშაულისთვის, ესტონეთის ციხეში იხდის. 

 

"მილიონერებს არ ვგავართ" - რა ვიცით ცირეკიძეების ოჯახზე

50 წლის ბექა ცირეკიძე საკუთარ თავს “წიგნების ჯადოქარს“ უწოდებს. ის ტარტუს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკიდან რუსი კლასიკოსების უიშვიათესი ქურდობისთვის ესტონეთში დააკავეს და გაასამართლეს. საერთაშორისო გამოძიებით დგინდება, რომ სწორედ ის ხელმძღვანელობდა ევროპის ბიბლიოთეკებიდან რარიტეტული წიგნების ძარცვის სქემას.

ამავე სქემაში ჩართული იყო მისი ორი შვილი - მათე და ქრისტინე ცირეკიძეები. ორივე თბილისში დააკავეს და მათ მიმართ საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენიც გამოიტანა. იგივე ვერდიქტი დადგა საქმის კიდევ ორი ფიგურანტის, ცირეკიძეების დაჯგუფების წევრების - ბესიკ ახალაშვილის და რობერტ ცატუროვის მიმართ. ბრალი წარედგინა, თუმცა გირაოთი გაათავისუფლეს მათე ცირეკიძის მეუღლე, ანა გოგოლაძეც, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა.

ბექა ცირეკიძის სახელი უნიკალური წიგნების ქურდობის საქმეში პირველად წლების წინ გამოჩნდა,  როდესაც თბილისში, გრიშაშვილის სახელობის ბიბლიოთეკიდან ასევე რუსი კლასიკოსების და სხვა რარიტეტული გამოცემები მოიპარეს. ერთ შემთხვევაში ცირეკიძე სამკითხველოში,  ორსულ ახალგაზრდა ქალთან ერთად მივიდა, რომელმაც ბიბლიოთეკის დირექტორს, ნოდარ გრიგორაშვილს ერთი ფინჯანი წყალი სთხოვა. ბიბლიოგარფს უნიკალური გამოცემები სწორედ იმ დროს მოპარეს, როდესაც ფეხმძიმე ქალისთვის წყლის მოსატანად გავიდა. 

მოგვიანებით, ამავე ბიბლიოთეკიდან ცირეკიძის დაჯგუფების სხვა წევრმა ალექსანდრ პუშკინის მე-19 საუკუნის წიგნი ყალბი ასლით შეცვალა. 

მას შემდეგ ცირეკიძეების “ანგარიშზე“ ევროპის მასშტაბით არაერთი წიგნსაცავის გაქურდვაა. 

“მილიონერებს არ ვგავართ“ - ასე გვიპასუხა ბექა ცირეკიძის მეუღლემ, როდესაც მას ძვირადღირებული წიგნების ქურდობაზე ვკითხეთ. ეს იმ დროს, როდესაც მისი ორი შვილი და რძალი თბილისის სასამართლოში განსასჯელის სკამზე ისხდნენ, ქმარი კი - ესტონეთის ციხეში.  

საქმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურანტი მიხეილ ზამთარაძეა, რომელიც ბექა ცირეკიძის მსგავსად სასჯელს საზღვარგარეთ, კერძოდ ვილნიუსის ციხეში იხდის. 

 

ვინ არის მიხეილ ზამთარაძე?

თბილისში, მშრალ ხიდზე მდებარე ანტიკვარული ნივთების ბაზრობაზე მიხეილ ზამთარაძეს ბევრი იცნობს. გასულ წლებში მამაკაცს იქ ხშირად ხედავდნენ. ზამთარაძის ინტერესის საგანი ძირითადად რარიტეტული წიგნები იყო. 

საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში ის ლიეტუვაში დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ვილნიუსის ბიბლიოთეკაში მან 17 იშვიათი გამოცემა ყალბი ასლებით ჩაანაცვა, ზარალი - 600 000 ევროს აღწევს. ლიეტუვის სასამართლოში მან დანაშაული აღიარა და თქვა, რომ მოპარული წიგნები მოსკოვის აუქციონზე უნდა გაყიდულიყო. 

საერთაშორისო გამოძიების მასალებში დევს საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკის მაღალი ხარისხის ვიდეო-სათვალთვალო კამერის ჩანაწერები. ირკვევა, რომ კამერების თვალთახედვის არეში ზამთარაძის მობილურის ეკრანი ზუსტად იმ დროს მოხვდა, როცა ის საფრანგეთის ბიბლიოთეკიდან ფეისბუქის მესინჯერის საშუალებით, დანაშაულებრივ მითითებას აძლევდა, დროის იმავე მონაკვეთში, მიუნხენის ბიბლიოთეკაში მყოფ თანამზრახველს - რობერტ ცატუროვს. წერდა, რომ ამ საქმეში მთავარი “ყალბი ასლებით ჩანაცვლებაა“.

ვილნიუსის სასამართლოში მიხეილ ზამთარაძის მიერ მიცემული ჩვენება, მიანიშნებს, რომ მოპარული უნიკალური გამოცემები საბოლოოდ მდიდარი რუსი კოლექციონერების ხელში ხვდება. ბიბლიოგრაფები ამბობენ, რომ ბოლო ათწლეულებში რუსეთში ჩამოყალიბდა ელიტა, რომელსაც შესაძლოა წიგნი არ აინტერესებდეს, მაგრამ სახლში უნიკალური გამოცემა პრესტიჟად მიაჩნია.

 

 

 

დღის ამბები