ექსკლუზიური ინტერვიუ პირთან, რომელმაც მარტა კოსის საიდუმლო წარსული გაასაჯაროვა - იგორ ომერზას მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დადასტურდა, რომ ევროკომისარი კოსი იუგოსლავიის იმ საიდუმლო პოლიციის ჯაშუში იყო, რომელსაც საბჭოთა კავშირთან აქტიური ბმა ჰქონდა. სკანდალურ მასალებზე ომერზამ წიგნი დაწერა, რის შემდეგაც ევროპარლამენტმა მარტა კოსის გამოკითხვა მოითხოვა. ინტერვიუ ეთერში დღეს, 21:00 საათიანი "კურიერის" დასრულებისთანავე გავა.
"სოციალისტურ იუგოსლავიას ჰქონდა კომუნისტური საიდუმლო პოლიცია, რომელსაც სლოვენიაში "უდბას" ეძახდნენ. თითოეულ რესპუბლიკას საკუთარი განყოფილება ჰქონდა. რეჟიმის დასასრულს, სლოვენიის ყველა დიდ ქალაქში "უდბას“ ცამეტი ცენტრი ფუნქციონირებდა. მე სლოვენიის არქივებში მივაკვლიე ათ დოკუმენტს, რომელიც მარტა კოსს საიდუმლო პოლიციასთან აკავშირებს. დავადგინე მისი საიდუმლო ნომერი და კოდური სახელი - თავდაპირველად ის იყო წყარო "ტარა", მოგვიანებით კი გახდა "საიდუმლო თანამშრომელი". დოკუმენტებში ყოველგვარი ეჭვის გარეშე ჩანს, რომ ის იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციისთვის მუშაობდა," - აცხადებს იგორ ომერზა.
მისივე განცხადებით, წიგნის გამოქვეყნების შემდეგ მარტა კოსის რეპუტაცია "ნულს გაუტოლდა".
"ჩემი წიგნის გამოქვეყნების შემდეგ, მას ევროკომისიაში აღარანაირი რეალური გავლენა, ფუნქცია თუ ავტორიტეტი აღარ გააჩნია. ის ფაქტობრივად როგორც ამბობენ "დამწვარი" ფიგურაა. ამ ფაქტების უარყოფას აზრი არ აქვს, ის სლოვენიის პრეზიდენტობის კანდიდატიც იყო და მაშინაც თქვა, რომ საარქივო სიები ყალბი იყო. მაგრამ ის ტყუოდა. ამ რეესტრში მილიონი ადამიანია შეყვანილი დეტალური პერსონალური მონაცემებით - ასეთი მასშტაბის დოკუმენტის გაყალბება შეუძლებელია. როგორც კომისარი, ის ახლა შანტაჟის მიმართ ძალიან მოწყვლადია. სერბეთის დაზვერვამ იცის მისი წარსული და რადგან მათ მჭიდრო კავშირი აქვთ რუსეთთან, სავარაუდოდ, რუსებმაც იციან ამის შესახებ. მისი რეპუტაცია ახლა ნულს გაუტოლდა - ის ფაქტობრივად "დამწვარი" ფიგურაა ევროკომისიაში," - განაცხადა ომერზამ.