ევროპარლამენტარების ინტერვიუებს თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოყვა. "ქართული ოცნება" ბრიუსელის მხრიდან ორმაგ სტანდარტსა და უსამართლო დამოკიდებულებაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. მათი თქმით, ევროპარლამენტში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც რეალობას აღიქვამენ და კოლეგებს საქართველოს მიმართ მიკერძოებულ ინტერესებში ამხელენ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებული შანტაჟს ობიექტია, რადგან ისინი მხოლოდ ქართული საზოგადოების დავალებებს ასრულებენ.
"ჩვენს მიმართ განსაკუთრებული თავდასხმები ხორციელდება. ჩვენ ვართ განსაკუთრებული შანტაჟის ობიექტები, რადგან ჩვენ არ ვასრულებთ მიღებულ დავალებებს და დავალებები მიიღება მხოლოდ ქართული საზოგადოებისაგან. სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევები, ამავდროულად ყველაფერი განსხვავებულის რუსულად შერაცხვა არა მხოლოდ ევროპარლამენტარების მხრიდან დასტურდება, არამედ დასტურდება აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელების მხრიდანაც, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ, რომ არსებობენ ძალები, რომლებსაც არ მოსწონთ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები, კონკრეტული ქვეყნების გადაწყვეტილებები და შემდეგ, ყველანაირად რომ გააშავონ ეს პიროვნებები, ყოველთვის პრორუსულის ან რუსის სტატუს მიაწებებენ და ცდილობენ როგორმე გააშავონ საზოგადოებაში. ამ ძალებმა როგორც არ უნდა სცადონ სიმართლის და სიტყვის თავისუფლების ჩახშობა ჩვენს ქვეყანაში, მათ ყოველთვის ხელი მოეცარებათ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.