"არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს"
მაშ, ვინ არის Banksy - ყველაზე ცნობილი უცნობი ადამიანი მსოფლიოში? მას სხვადასხვანაირად აღწერენ. ერთ-ერთი აღწერა ასე ჟღერს: "კლოუნი, რომელიც ყველას თვალწინ იმალება."
და ახლა, ათწლეულების შემდეგ, მსოფლიომ ბოლოსდაბოლოს იცის თუ ვინ არის ეს "კლოუნი".
ვინ არის ბენქსი?
ბენქსი მსოფლიოს საკუთარ ტილოდ იყენებს. ამაში კი მას ანონიმურობა ეხმარება. მისი სტენსილები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა შენობის კედლებზე ჩნდება, ერთი შეხედვით მარტივია, თუმცა ამავე დროს ღრმად სიმბოლური.
ბენქსის ნამუშევრები სავსეა ირონიით და მწვავე კრიტიკით. ის აკრიტიკებს სისტემას, მის პოლიტიკას, ომს და სოციალურ უსამართლობას. გრაფიტებში ხშირად იყენებს ვირთხების, პოლიციელების, ჯარისკაცების, ბავშვებისა და მოხუცების სახეებს. ეს პერსონაჟები უბრალო გამოსახულებები არ არის - ისინი მნიშვნელოვან გზავნილებს ატარებენ.
"გოგონა ბუშტით" ბენქსის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია.
სიუჟეტი ერთი შეხედვით მარტივია - გოგონა ცდილობს დაიჭიროს გულის ფორმის წითელი ბუშტი, თუმცა ამაოდ. ეს სიმბოლოა დაკარგული ბავშვობის, იმედისა და სიყვარულის.
ეს გრაფიტი წლების განმავლობაში სერიულად ჩნდებოდა ბრიტანეთისა და სხვადასხვა ქვეყნის ქუჩებში.
მოგვიანებით ბენქსიმ გამოსახულება შენობის ფასადიდან ტილოზე გადაიტანა, ჩარჩოში ჩასვა და გააჩუქა. გაჩუქებული ნახატი წლების შემდეგ აუქციონზე აღმოჩნდა.
ტილო 2018 წლის ოქტომბერში Sotheby’s-ის აუქციონზე გაიყიდა. ანონიმურმა კოლექციონერმა „გოგონა ბუშტით“ 1 მილიონ ფუნტად შეიძინა, თუმცა გაუთვალისწინებელი რამ მოხდა - გაყიდვიდან რამდენიმე წუთში, ჩარჩოში დამალული მექანიზმი გააქტიურდა - "გოგონა ბუშტით" ნახევრად დაქუცმაცდა და განადგურდა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ყველაფერი თავად ბენქსის დაგეგმილი იყო. მან შრედერი ჩარჩოში წინასწარ დაამონტაჟა - იმ შემთხვევისთვის თუ ნახატი აუქციონზე აღმოჩნდებოდა.
ეს იყო ბენქსის პროტესტი ხელოვნების კომერციალიზაციის წინააღმდეგ.
კოლექციონერმა დაქუცმაცებულ ტილოზე უარი არ თქვა. პირიქით. ამ ქმედებით ტილო ფასდაუდებელი გახდა. ნახატს განადგურების შემდეგ სახელი გადაერქვა და მას „სიყვარული ნაგავსაყრელში“ დაერქვა.
სამი წლის შემდეგ ნახევრად განადგურებული ნახატი აუქციონზე 25 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ბენქსის კიდევ ერთი, ყველაზე ცნობილი გრაფიტია "ყვავილების მსროლელი", რომელიც ასევე ცნობილია სახელით "Love is in the air" ("სიყვარული ჰაერშია")
გრაფიტზე გამოსახულია აქციაზე მყოფი ახალგაზრდა, რომელიც მოლოტოვის კოქტეილის ნაცვლად ყვავილებს ისვრის. ბენქსი პაციფისტია, მისი მესიჯი კი მკაფიოა - ეს გრაფიტი მშვიდობიანი წინააღმდეგობის ილუსტრაციაა.
პირველად გრაფიტი იერულასიმში გამოჩნდა 2003 წელს, კონფლიქტის ზონაში. მესიჯი ცხადზე ცხადი იყო - დაპირისპირება უნდა დასრულდეს და ის მშვიდობამ და სიყვარულმა უნდა ჩაანაცვლოს.
ბენქსის შეუძლია იყოს იქ, სადაც უნდა - ყველგან და ნებისმიერ დროს, ისე რომ შეუმჩნეველი დარჩეს. მისი ვინაობის გამოცნობა აქამდე შეუძლებელი იყო.
ეს "განძის ძიებას ჰგავსო" - თქვა ერთმა ხელოვნებათმცოდნემ. როგორც ჩანს, ამ განძის მოძიება ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტომ გადაწყვიტა. როიტერმა სიმართლისკენ მოგზაურობა უკრაინიდან დაიწყო. იმ ქვეყნიდან, სადაც ბენქსი ბოლოს შენიშნეს.
ამ სტატიაში მოგიყვებით თუ ვისთან მიიყვანა ჟურნალისტები დოკუმენტების შესწავლამ და ინტერვიუებმა.
ანონიმურობა, როგორც ბრენდი
ბენქსი: "არასოდეს არავინ მისმენდა, სანამ ანონიმური არ გავხდი."
მისთვის ანონიმურობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საღებავი. უკვე 30 წელზე მეტია პრესა მისი ვინაობის დადგენას ცდილობს. ზოგს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი, სხვები კი ერთგულების ან უბრალოდ შიშის გამო დუმან.
რატომ არის ანონიმური ბენქსი? პასუხი მარტივი და პრაქტიკულია - ქუჩის ხელოვნება ვანდალიზმია. ბენქსს სწრაფად და ჩუმად უნდა დაეხატა, რომ პოლიციას არ გამოეჭირა. ასე გახდა ანონიმურობა ბენქსის ბრენდის განუყოფელი ნაწილი.
თუმცა დროთა განმავლობაში, ის რაც სხვა ქუჩის არტისტისთვის ვანდალიზმად დარჩა, ბენქსის შემთხვევაში ხელოვნებად დაიბრენდა.
ბენქსმა კი ქუჩებიდან ძვირადღირებულ მუზეუმებში გადაინაცვლა.
მონეტიზებული მისტიკა ანუ რა ღირს ბენქსი?
ბენქსის პარადოქსია.
არტისტი, რომელიც სისტემას აკრიტიკებს, თავად გახდა მიის ნაწილი. მისი ნამუშევრები აუქციონებზე მილიონებად იყიდება.
რატომ და როგორ?
ბენქსის ადვოკატი ამ კითხვაზე ირონიულ პასუხს სცემს: "როცა ადამიანები თავიანთ კედელზე ბენქსის აღმოაჩენენ, უმეტესობა პოლიციის ნაცვლად Sotheby"s-ში რეკავს".
Reuters წერს, რომ ბენქსი კერძო გაყიდვებს მართავს VIP კლიენტებისთვის, რასაც მისთვის მილიონობით დოლარის შემოსავალი მოაქვს. გამოცემის ცნობით, 2024 წელს ბენქსიმ ლონდონში, ერთ-ერთ სარდაფში, საიდუმლო გამოფენა გამართა. ნამუშევრების ფასი 15 000-დან 500 000 დოლარამდე მერყეობდა და სრულად გაიყიდა. მყიდველებმა ხელი მოაწერეს გაუთქმელობის შეთანხმებას.
ბენქსის ნამუშევრები არაერთ ცნობილ კოლექციონერს აქვს შეძენილი, მათ შორის არიან ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი.
გაცხადებული საიდუმლოება - ანუ ვინ არის ბენქსი?
ბენქსი: არ ვიცი, რატომ სურთ ადამიანებს ასე ძალიან პირადი ცხოვრების გასაჯაროება. მათ ავიწყდებათ, რომ უხილავად ყოფნა სუპერძალაა.
ბენქსიმ სუპერძალა დაკარგა.
ამ შემთხვევის გამო. ბენქსი 2000 წელს დააკავეს, როდესაც მან Marc Jacobs-ის ბილბორდის თავისებურად გადაკეთება გადაწყვიტა.
რეკლამაზე ეწერა: „ბიჭებს უყვართ მარკ ჯეიკობსი“.
ბენქსიმ მოდელს „სასაცილო კბილები“ დაუხატა და წარწერის დამატებასაც აპირებდა, თუმცა ვერ მოასწრო. პოლიციამ ის პროცესის დროს, სახურავზე დააკავა.
როიტერის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ზუსტად ის პოლიციის დოკუმენტები მოიძიეს, რომელიც 2000 წლის 18 სექტემბრით თარიღდებოდა.
დოკუმენტებში აღმოჩნდა დაკავებული პირის ანუ ბენქსის აღიარებითი ჩვენება, ბენქსის ხელმოწერით. ხელმოწერა ამჟღავნებს არტისტის ნამდვილ სახელ და გვარს - რობინ განინგემი.
როიტერის ვერსიით, ბენქსის ნამდვილი სახელი და გვარი რობინ განინგემია. ან იქნებოდა, მას სახელი რომ არ შეეცვალა. ოდესღაც რობინ განინგემს ანუ ბენქსს ახლა დევიდ ჯონსი ჰქვია.
თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს რა სახელით და გვარით არის ბენქსი რეგისტრირებული ეროვნულ რეესტრში?
ბევრისთვის ბენქსი იდეაა.
და თუ ანონიმურობა მართლაც მისი სუპერძალა იყო - შეძლებს თუ არა იმავე გავლენის შენარჩუნებას მის გარეშე?
ამას მალე გავიგებთ.
ავტორი: ნათია ჩეხერია