"იმედი გვაქვს, რომ ერთის მხრივ, ძალიან საინტერესო დებატების იქნება და მეორე მხრივ, ერთხელ და სამუდამოდ დავხურავთ ამ თემას მოსახლეობისთვის", - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ "რუსთავი 2-ის" ეთერში დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით განაცხადა.
ლევან მახაშვილის თქმით, მათ ექნებათ შესაძლებლობა, ახსნან, თუ რა იყო მათი პოზიცია და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების მიზეზი.
"ევროპული ინტეგრაციის თემა იყო დისკუსიების საგანი საზოგადოებაში, გასული წლების განმავლობაში, ამიტომ გვექნება შესაძლებლობა დღეს, კიდევ ერთხელ გადავხედოთ ამ წლების განვლილ გზას. შევხედოთ, გავიაროთ, გავაანალიზოთ რა პროცესები მიმდინარეობდა, რა დამოკიდებულება ჰქონდა ბრიუსელს საქართველოსადმი, საქართველოს პოზიციები რატომ იყო ისეთი, როგორიც იყო.
ყველას გვექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ, ავხსნათ საქართველოს პოზიციები, თითოეული ნაბიჯის მიზეზები, რატომაც ვდგამდით ამ ნაბიჯებს, რატომ ვაკრიტიკებდით ევრო ბიუროკრატებს, სადაც ამის საჭიროება იყო.
იმედი გვაქვს, რომ ერთის მხრივ, ძალიან საინტერესო დებატების იქნება და მეორე მხრივ, ერთხელ და სამუდამოდ დავხურავთ ამ თემას მოსახლეობისთვის. კარგად, საფუძვლიანად ავხსნით, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა გასული წლების განმავლობაში", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, "რუსთავი 2-ზე" დებატებია. თემა იქნება - ევროინტეგრაცია: პარტნიორობა თუ ბიუროკრატიული ლაბირინთი?
სტუმრები არიან: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, "ქართული ოცნების" წევრი, ლევან მაჭავარიანი და ბექა ნაცვლიშვილი, მათი ოპონენტები კი - ცოტნე კობერიძე და ვახო მეგრელიშვილი.
გადაცემა, რეზი ჭიჭინაძესთან ერთად, 22:00 საათზე დაიწყება.