04 აგვისტო 2026,   00:34
ვრცლად
ახალგაზრდების როლის გაძლიერება და მათი ჩართულობის გაზრდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის პროცესში - "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენცია შეკვეთილში

ახალგაზრდების როლის გაძლიერება და მათი ჩართულობის გაზრდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის პროცესში - სწორედ ამ საკითხებს ეძღვნება "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ გამართული კონფერენციები. შეხვედრები საქართველოს რეგიონებში ტარდება. მორიგ შეკრებას შეკვეთილმა უმასპინძლა. "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა სამეგრელო-სვანეთის მკვიდრ ახალგაზრდებს მოუსმინეს.

განათლების რეფორმა არ ყოფილა ერთადერთი საკითხი, რაზეც შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა. დასაქმება, სპორტული ღონისძიებების ჩატარება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, გასართობ/შემეცნებითი სივრცეების მოწყობა, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხილვა - კონფერენციის მონაწილეებმა მათთვის საინტერესო თემებზე გაამახვილეს ყურადღება.

ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ შეხვედრაზე განმარტა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს პრობლემების სწორად იდენტიფიცირებას. ვარლამ ლიპარტელიანმა თქვა, რომ გამოკვეთილი საკითხების დადებითად გადასაჭრელად, ახალი თაობის მონაწილეობის გაზრდა, მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის წევრები, იმ დეპუტატებთან ერთად, რომლებიც დღევანდელ ფორუმში მონაწილეობდნენ, ერთხმად აღნიშნავენ, რომ მსგავსი აქტივობები ფორმალურ ხასიათს არ ატარებს და შედეგზეა ორიენტირებული.

ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნე მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. რეგიონების შემდეგ, დასკვნითი შეხვედრა თბილისში გაიმართება.

დღის ამბები