ქალაქი ძველი ისტორიით და ახალი დაგეგმარებით - ეს თელავია, რომელიც კახეთში, გომბორის ქედის ძირში, ალაზნის ვაკის თავზე მდებარეობს. ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი დიდი აქვს, რაც მეტად უნდა განვითარდეს. სწორედ ამ მიზნით შემუშავდა ქალაქის ახალი გენერალური გეგმა. ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კულტურის განვითარების ხელშეწყობა, ქალაქის ადმინისტრაციული ფუნქციებისა და სახელმწიფო სერვისების გადანაწილება - გეგმა ყველა იმ პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარებისთვის. სივრცითი დაგეგმარების კონცეფციაზე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება უკვე შეთანხმდა შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
თელავის ცენტრალური მოედანი, ვახვახიშვილების სასახლე, მეფე ერეკლეს მუზეუმი, ბატონისციხის გალავანი, ტრადიციული კახური სახლები ხის აივნებით და 800 წლოვანი ჭადარი - ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორებისთვის ქალაქში ბევრი რამ არის სანახავი, თუმცა სივრცითი დაგეგმარების ახალი გენერალური გეგმა თელავის მიმზიდველობას უფრო გაზრდის. ამაზე საუბრობენ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის მონაწილეები - როგორც ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები, ისე მთავრობისა და პარლამენტის წევრები.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გენერალური გეგმის ძირითადი მიმართულებების შესახებ პრეზენტაცია კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გამართა.
თელავის სივრცითი დაგეგმარების ახალი გენგეგმა სწორედ ტურისტული და კულტურული ცხოვრების, ასევე ეკონომიკის გამოცოცხლებაზეა ორიენტირებული.