ოდესმე გიფიქრიათ, როგორ გადარჩა ადამიანი-ობობა ცათამბჯენებს შორის ფრენისას ან როგორ "გაცოცხლდნენ" დინოზავრები "იურული პარკის" ეკრანზე? დღეს კინო აღარ არის მხოლოდ კამერით გადაღებული კადრების ერთობლიობა. ეს არის მეცნიერების, ხელოვნებისა და უახლესი ტექნოლოგიების სინთეზი, რომელსაც ვიზუალური ეფექტები (VFX) ჰქვია და გულისხმობს კადრების ციფრულ დამუშავებას, ისეთი ელემენტების დამატებას ან შეცვლას, რომელთა გადაღებაც რეალურ გარემოში შეუძლებელი, ძვირი ან სახიფათოა.
ალბათ გინახავთ კადრები გადასაღები მოედნიდან, სადაც მსახიობები ცარიელ, მწვანე ან ლურჯ ოთახში დარბიან. მწვანე ფერი იმიტომ შეირჩა, რომ ის ყველაზე ნაკლებად გვხვდება ადამიანის კანის პიგმენტაციაში. მოგვიანებით, კომპიუტერული პროგრამა ამ ფერს შლის და მის ნაცვლად ნებისმიერ რამეს სვამს: დანგრეულ ნიუ-იორკს, შორეულ გალაქტიკას თუ ვულკანის ამოფრქვევას.
როგორ ხდება, რომ გოლუმი ("ბეჭდების მბრძანებელი") ან ტანოსი ("შურისმაძიებლები") ასე რეალისტურად გამოხატავენ ემოციებს? მსახიობი იცვამს სპეციალურ კოსტიუმს სენსორებით, რომლებიც მის ყოველ მოძრაობასა და მიმიკას ციფრულ მონაცემებად აქცევენ. შემდეგ ანიმატორები ამ "ჩონჩხზე" აშენებენ მონსტრის ან უცხოპლანეტელის სხეულს. შედეგად, ჩვენ ვხედავთ არარსებულ არსებას, რომელსაც ცოცხალი ადამიანის ემოციები და სული აქვს.
"ავატარი" - 2009 წელი. ჯეიმს კამერონმა დანერგა Performance Capture. აქ მხოლოდ ტანის მოძრაობა კი არ ჩაიწერეს, არამედ სახის მიმიკაც (სახეზე დამაგრებული პატარა კამერებით), რამაც ნავის ტომის წევრებს ადამიანური ემოციები შესძინა.
"მაიმუნების პლანეტა" - აქ ტექნოლოგია კიდევ უფრო დაიხვეწა - მსახიობები მოძრაობას იწერდნენ არა სტუდიაში, არამედ რეალურ ლოკაციებზე (ტყეში, წვიმაში), რაც მანამდე შეუძლებელი იყო.
Warner Bros. და Universal Studios - ლოს-ანჯელესში მდებარე ეს გიგანტური სტუდიები მოიცავს მთელ "ყალბ" უბნებს. მაგალითად, აქ შეგიძლიათ ნახოთ ქუჩები, რომლებიც ერთ ფილმში ნიუ-იორკია, მეორეში კი პარიზი.
Backlot (ბექლოტი): კინოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი "ტყუილი" და ამავდროულად, ყველაზე პრაქტიკული გამოგონებაა. ეს არის კინოსტუდიის მფლობელობაში არსებული ღია ტერიტორია, სადაც მუდმივი დეკორაციებია აშენებული.
მარტივად რომ ვთქვათ, ბექლოტი არის ქალაქი-ფანტომი, სადაც შენობებს მხოლოდ ფასადები აქვთ, ხოლო კარების მიღმა სიცარიელე ან ხის საყრდენი კონსტრუქციებია.
ბექლოტები დაყოფილია თემატურ ზონებად. სტუდიის ტერიტორიაზე გასეირნებისას შეგიძლიათ რამდენიმე წუთში "გადახვიდეთ" ერთი ეპოქიდან მეორეში:
ყველაზე მოთხოვნადი ლოკაცია ნიუ-იორკის ქუჩაა. აქ არის ტიპური ამერიკული აგურის სახლები, სახანძრო კიბეები და მეტროს ამოსასვლელები. ჰოლივუდის ფილმების ნახევარი, სადაც მოქმედება ნიუ-იორკში ხდება, სინამდვილეში ლოს-ანჯელესში, Warner Bros-ის ან Universal-ის ბექლოტზეა გადაღებული.
ველური დასავლეთი - ხის შენობები, სალონები და მტვრიანი ქუჩები. ეს დეკორაციები ათწლეულების განმავლობაში არ იცვლება და უამრავ ვესტერნშია გამოყენებული.
ევროპული სოფელი - ვიწრო ქუჩები, რომლებიც შეიძლება იყოს პარიზი, ლონდონი ან იტალიის რომელიმე ქალაქი, გააჩნია, რა აბრებს გამოაკრავენ და როგორ განათებას დააყენებენ.
ნამდვილ ქალაქში გადაღებისას საჭიროა ქუჩების ჩაკეტვა, პოლიციის ჩართვა, ხალხის ნაკადის მართვა.
ბექლოტზე რეჟისორი "მეფეა". მას შეუძლია ააფეთქოს მანქანა, დააყენოს ხელოვნური წვიმა ან თოვლი ისე, რომ ხელი არავის შეუშალოს. ბექლოტები ისეა დაპროექტებულია, რომ მზე გადასაღებ მოედანს მაქსიმალურად დიდხანს ანათებდეს. ასევე, იქ არ ისმის ქალაქის ხმაური, რაც ხმის ჩაწერასაც აადვილებს.
ერთი და იმავე დეკორაციის გამოყენება ასობით ფილმში შეიძლება. მაგალითად, ცნობილი Back to the Future-ის ქალაქის მოედანი გამოყენებულია უამრავ სხვა ფილმსა თუ სერიალში. მაგალითად - Ghost Whisperer-ში.
კინემატოგრაფიული მასშტაბების ნამდვილი რევოლუცია "სამეფო კარის თამაშების" გადაღება იყო, სადაც რეალური ლოკაციების გეოგრაფია და უახლესი ციფრული ტექნოლოგიები ერთმანეთს იდეალურად შეერწყა.
სერიალის შემოქმედებითმა ჯგუფმა ვესტეროსის სამყარო დედამიწის სხვადასხვა წერტილში გააცოცხლა, დაწყებული ჩრდილოეთ ირლანდიის ბელფასტის გიგანტური პავილიონებიდან, სადაც მთავარი დეკორაციები იყო აგებული, დამთავრებული ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკით, რომელიც თავისი ანტიკური გალავნით "სამეფო ნავსადგურად" იქცა.
გადასაღებ მოედანზე მაგია პრაქტიკული ეფექტების დახმარებით იქმნებოდა, სადაც მსახიობები ხშირად ნამდვილ ცეცხლთან და რთულ, მრავალსაათიან გრიმთან მუშაობდნენ.
მაგალითად, "თეთრი მოხეტიალეების" უმეტესობა არა კომპიუტერული გრაფიკა, არამედ რეალური მსახიობები იყვნენ, თუმცა დრაკონების, გიგანტური ყინულის კედლისა და მრავალათასიანი ჯარების გამოსახვისთვის CGI ტექნოლოგია გამოიყენებოდა, რისთვისაც ემილია კლარკს ემოციების გამოხატვა ხშირად უბრალო მწვანე მაკეტებთან უწევდა, რომლებიც მოგვიანებით ცეცხლისმფრქვეველ მონსტრებად გარდაიქმნებოდნენ.
მსოფლიოს უდიდესი, გინესის რეკორდსმენი კინოკომპლექსი "რამოჯი ფილმ სითია". ადგილი, სადაც ოცნებები ინდუსტრიულ მასშტაბებს იძენს. ტურისტები ავტობუსით გადაადგილდებიან და ნამდვილ გადასაღებ მოედნებზე ხვდებიან.
ტურის განმავლობაში ხედავთ, როგორ იქმნება "კინომაგია": ხელოვნური წყალდიდობები, მიწისძვრები და ცნობილი ფილმების ორიგინალური დეკორაციები.
ინდოეთის ქალაქ ჰაიდარაბადის მახლობლად მდებარეობს ადგილი, რომელიც ნებისმიერი კინომოყვარულისთვის წმინდა მიწაა. ის არ არის მხოლოდ სტუდია, არამედ ეს არის დაახლოებით 800 ჰექტარზე გადაჭიმული ხელოვნური სამყარო, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
კომპლექსი 1996 წელს მა მედიამაგნატმა და პროდიუსერმა რამოჯი რაომ დააარსა. მისი იდეა იყო შეექმნა სივრცე, სადაც რეჟისორი შევიდოდა მხოლოდ სცენარით ხელში, ხოლო გამოვიდოდა მზა ფილმით. აქ ყველაფერი ერთ ჭერქვეშ არის: გადასაღები მოედნები, ტექნიკა, მონტაჟი, კვება და მსახიობების საცხოვრებელიც კი.
რამოჯის მთავარი სიამაყე მისი მუდმივი დეკორაციებია. აქ შეგიძლიათ ნახოთ: რკინიგზის სადგური - მას აქვს ნამდვილი ლიანდაგები, პლატფორმა და ვაგონები. ის იმდენად რეალისტურია, რომ ბევრ ტურისტს მართლა მგზავრობა ჰგონია.
აეროპორტი, ტერმინალი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება იქცეს საერთაშორისო აეროპორტად. სტუდიას აქვს რამდენიმე ტიპის ციხე - ძველი, ქვის კედლებით და თანამედროვე, გისოსებით.
ფილმ "ბაჰუბალის" (Baahubali) გადაღების შემდეგ, მისი გრანდიოზული დეკორაციები არ დაუშლიათ. ეს არის გიგანტური სასახლეები, ქანდაკებები და ხიდები, რომლებიც დღეს ტურისტების მთავარი სამიზნეა.
კომპლექსში 50-ზე მეტი დახურული პავილიონია. აქ იღებენ სცენებს, სადაც სრული კონტროლია საჭირო სინათლესა და ხმაზე. გარდა ამისა, "რამოჯის" აქვს საკუთარი მაკიაჟის და კოსტიუმების დეპარტამენტი, ათასობით კოსტიუმი სხვადასხვა ეპოქისთვის. ხელოვნური განათების პარკი, რომელიც ნებისმიერ ბლოკბასტერს ეყოფა. ცხოველების სამყარო - გადაღებებისთვის გაწვრთნილი ცხოველები და ფრინველები.
"რამოჯიში" 120-ზე მეტი ბაღია, მათ შორის არის იაპონური ბაღები, ფრანგული შადრევნები და ტროპიკული ჯუნგლები. ინდური კინოსთვის დამახასიათებელი სიმღერისა და ცეკვის სცენების უმეტესობა სწორედ ამ ხელოვნურად მოვლილ ბუნებაში იღება. საინტერესოა, რომ ზოგიერთი ხე და ყვავილიც კი "ყალბია", რათა წელიწადის ნებისმიერ დროს იდეალურად გამოიყურებოდეს კადრში.
Universal-ის ბექლოტზე ასობით საკულტო ფილმი და სერიალია გადაღებული. აი, ზოგიერთი მათგანი:
"უკან მომავალში" (Back to the Future) - ფილმის მთავარი ლოკაცია - ქალაქის მოედანი საათიანი კოშკით სწორედ აქ მდებარეობს.
"ფსიქო" (Psycho) - ალფრედ ჰიჩკოკის ლეგენდარული "ბეიტსის მოტელი" და სახლი ბორცვზე დღემდე დგას და ტურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გაჩერებაა.
"ყბები" (Jaws) - ტურის დროს ტრამვაი გადის "ამიტის კუნძულთან", სადაც წყლიდან მოულოდნელად გიგანტური მექანიკური ზვიგენი ამოდის.
"სამყაროთა ომი" (War of the Worlds) - სტივენ სპილბერგის ფილმისთვის შექმნილი ავიაკატასტროფის მასშტაბური სცენა დაშლილი Boeing 747-ით ხელუხლებლად არის შენახული.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია წყლის სტიქიის "დამორჩილება".
ჯეიმს კამერონის "ტიტანიკი" ამის საუკეთესო მაგალითია. გემი, რომელიც ეკრანზე ოკეანეში მიცურავს, სინამდვილეში მექსიკის სანაპიროზე აგებულ გიგანტურ წყლის ავზში იდგა. ჩაძირვის სცენების გადასაღებად გამოყენებული იყო რთული ჰიდრავლიკური სისტემები, რომლებიც გემის სექციებს წყალში რეალისტურად უშვებდა.
"მატრიცა" (The Matrix) - ის ცნობილი სცენა, სადაც ნეო ტყვიებს იცილებს, გადაღებულია მწვანე ეკრანის წინ. მსახიობის ირგვლივ 120-ზე მეტი ფოტოაპარატი იყო განლაგებული, რომლებიც წამებში აკეთებდნენ ათასობით კადრს. სახურავი, სადაც ის დგას, სტუდიაში აწყობილი პატარა პლატფორმა იყო, ხოლო ფონზე დანახული სიდნეის ცათამბჯენები, მოგვიანებით, კომპიუტერის გამოყენებით ჩაამატეს.
"ბეჭდების მბრძანებელი" (The Lord of the Rings) - "ჰობიტონი" ახალ ზელანდიაში, ვიდრე ეს ადგილი ტურისტულ ცენტრად იქცეოდა, ის ჩვეულებრივი ფერმა იყო. იმისთვის, რომ განდალფი ჰობიტებთან შედარებით გიგანტური გამოჩენილიყო, იყენებდნენ "იძულებით პერსპექტივას". აშენებდნენ ორ სხვადასხვა ზომის დეკორაციას: ერთს პატარას მსახიობისთვის და მეორეს დიდს "ჰობიტისთვის". კამერის კუთხის შერჩევით იქმნებოდა ილუზია, რომ ისინი ერთ ოთახში ისხდნენ.
დღეს მსახიობს აღარ სჭირდება კლდეზე დაკიდება, ის უბრალოდ მწვანე ოთახში დგას, ხოლო დანარჩენს ციფრული მხატვრები ასრულებენ. თუმცა, ნამდვილი კინოს ხიბლი მაინც იმ "ყალბ" ქალაქებსა და დეკორაციებშია, რომლებსაც ფიზიკურად შეეხები. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანის ფანტაზია მატერიალურ ფორმას იღებს.