ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია ბავარიის დედაქალაქშია - KIU-ს ხელმძღვანელ პირებს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს. უმაღლეს სასწავლებლებს მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. დაგეგმილი შეხვედრების მთავარი მიზანი თანამშრომლობის გაძლიერება და უნივერსიტეტებს შორის აკადემიური ცოდნის მიმართულებით, გამოცდილების გაზიარებაა.
ვიზიტის დროს გაირკვა ისიც, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, გერმანიის ლუდვიგ მაქსიმილიანის უმაღლეს სასწავლებელთან, იურიდიული ფაკულტეტის მიმართულებით პარტნიორობას იწყებს.
მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი 158-წლიანი ისტორიის მქონე უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართულებით, ევროპის მასშტაბით ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. უნივერსიტეტის პროფესორი და KIU-ს საპატიო პრეზიდენტი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ვიზიტის მიზანს, როგორც პარტნიორობის გაძლიერება, ასევე თანამშრომლობის ახალი ფორმატის ჩამოყალიბება წარმოადგენს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფონდ "ქართუს" წარმომადგენლები სამეცნიერო კვლევით ცენტრშიც იმყოფებოდნენ. დელეგაციის წევრები ბავარიის აკადემიის კომპიუტერული მეცნიერების ცენტრის მუშაობას ადგილზე გაეცნენ. შეხვედრები გაიმართა ქალაქ გარხინგის კამპუსში, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ინჟინერიაში, მსოფლიო დონის კვლევისა და სწავლების ცენტრს წარმოადგენს.
დღის ბოლოს KIU-ს დელეგაციის წევრები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტს და აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტებს შეხვდნენ. დიალოგის დროს პარტნიორობისა და ახალი პროექტების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი მიმართულებები გამოიკვეთა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი მიუნხენში 29 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. დაგეგმილია არაერთი მაღალი დონის შეხვედრა, მათ შორის მიუნხენის სკოლებისა და პროგრამების ხელმძღვანელებთან. დელეგაცია შეხვედრას გამართავს ბავარიის ევროპულ საქმეთა მინისტრთანაც.