ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, მოწოდება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და ხელისუფლების დამხობისკენ - 7 თვიანი განხილვის შემდეგ, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ 4 ოქტომბრის საქმეზე, განაჩენი თითქმის 7 საათიანი დასკვნითი პროცესის შემდეგ გამოაცხადა. მსაჯულმა გამამტყუნებელი ვერდიქტი პაატა ბურჭულაძეს, პაატა მანჯგალაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ირაკლი შაიშმელაშვილს, ლაშა ბერიძესა და კიდევ 4 პირს გამოუტანა.
ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სრულად დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნა, პაატა ბურჭულაძეს,პაატა მანჯგალაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს და ლაშა ბერიძეს 7 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. თორნიკე მჭედიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 5 წლის გატარება მოუწევთ.
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში 12 საათსა და 38 წუთზე დაიწყო. სხდომათა დარბაზში იყო ყველა ბრალდებული, ირაკლი შაიშმელაშვილის გარდა, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. საბოლოო სიტყვით განსასჯელის სკამზე მჯდომმა ყველა ბრალდებულმა ისარგებლა - პირველი პაატა ბურჭულაძე იყო.
პაატა ბურჭულაძე იყო პირველი მოწოდების ავტორიც 4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციაზე. უკვე მსჯავდებულმა და მაშინ ორგანიზატორმა მსოფლიო ბანმა, 7 თვის წინ თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს ხელისუფლების დამხობისკენ 18 საათსა და 51 წუთზე მოუწოდა.
ბურჭულაძის გვერდით იყო მურთაზ ზოდელავაც. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომელმაც თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს 4 ოქტომბრის სამოქმედო გეგმა გააცნო, დღეს საბოლოო სიტყვაში კი ისევ ირწმუნებოდა, რომ ძალადობრივი მოვლენები სპონტანური და დაუგეგმავი იყო.
7 თვის წინ კი განსხვავებულად ფიქრობდა. მურთაზ ზოდელავამ სპეციალური სცენა, პაატა ბურჭულაძის გამოსვლიდან 3 წუთში დაიკავა და თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს მამაკაცური ძალის მობილიზებისკენ და პრეზიდენტის სასახლის გასაღების ჩაბარებისკენ მოუწოდა.
ზოდელავას მოწოდების შემდეგ თავისუფლების მოედანზე შეკრებილები ორგანიზატორებს, პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გაყვნენ, სადაც თავს დაესხნენ სამართალდამცველებს, შეიჭრნენ ათონელის სასახლის ეზოში და გადაწვეს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კერძო ობიექტები. სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების გადატრიალების გეგმა, წინასწარ გაწერილი და უცხოეთიდან დაფინანსებული იყო.
კამპანიაში ჩართული იყო ირაკლი ნადირაძეც. ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომელიც ხელისუფლების დამხობას 4 ოქტომბრამდე სხვადასხვა ტელე-ეთერში აანონსებდა, დასკვნით სხდომაზე დღესაც თქვა, რომ პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეგნებულად შეიჭრა.
არადა სწორედ ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე წარმართავდნენ აქციას თავისუფლების მოედანზე, რომელიც ზოდელავას მოწოდების შემდეგ, ათონელის რეზიდენციის შტურმით დასრულდა. აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებებისა და პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეჭრის შემდეგ, ირაკლი ნადირაძემ და მურთაზ ზოდელავამ, ორბელიანების სასახლის ზღვარი ერთად გადაკვეთეს. იქვე იყო პაატა მანჯგალაძეც, რომელმაც ბრალდება და ორგანიზატორობა დღევანდელ პროცესზეც უარყო.
ათონელის სასახლეზე შტურმიდან რამდენიმე წუთში, პაატა ბურჭულაძემ, თქვა რომ შეუძლოდ იყო და ის კლინიკაში გადაიყვანეს. ტერიტორია დატოვეს პაატა მანჯგალაძემ, ირაკლი ნადირაძემ და მურთაზ ზოდელავამაც, რომელიც აქციის მონაწილეებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან და ერთ-ერთი მედიიდან მოუწოდებდა , რომ უკან არ დაეხიათ.
ამ ინტერვიუდან რამდენიმე წუთში კი ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებმა გააცნობიერეს, რომ მათი დაკავება გარდაუვალი იყო.
ირაკლი ნადირაძე და ზოდელავა სამართალდამცველებმა მალევე პარლამენტის წინ დააკავეს. პაატა ბურჭულაძე კლინიკაში. ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე კი პოლიციამ სახლში აიყვანა. ხელისუფლების დამხობის გეგმა ჩავარდა, რაც სახელისუფლებო გუნდის თქმით, სამართალდამცველების კოორდინირებული და ეფექტური მუშაობის შედეგი იყო. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კანონდარღვევაზე პასუხი ყველამ თანაბრად უნდა აგოს.
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმე, სასამართლოში 7 თვის განმავლობაში იხილებოდა, ამ პერიოდში ბრალი არცერთ დაკავებულს არ უღიარებია, თუმცა მათ წინააღმდეგ - მრავალტომიან საქმეში არაერთი მტკიცებულება იდო. მათ შორის - ექსპერტიზის დასკვნები, დაზარალებული პოლიციელებისა და გადამწვარი ობიექტების მფლობელების ჩვენებები.