დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად თანხის გათეთრება, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება და კორუფციული სქემების მფარველობა - ანტიკორუფციული ორგანოების არგუმენტები დღეს მოსამართლემ გაიზიარა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი პატიმრობაში გაუშვა.
სასამართლო დარბაზში ბრალდების მხარემ დანაშაულის ის გარემოებები დაასახელა, რაც მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველი გახდა. გაირკვა, რომ ანდრეი ერმაკი ოთხ დიპლომატიურ პასპორტს ფლობს და ხელისუფლების გავლენიან პირებთან მჭიდრო კავშირები აქვს. სწორედ ამიტომ, პროკურორის განმარტებით, არსებობს მიმალვის საფრთხე და მოწმეებზე ზეწოლის რისკიც.
ამ ეტაპზე ერმაკი საპატიმროში არ გადაუყვანიათ - სასამართლომ გირაოს გადახდის შესაძლებლობა დაუტოვა. კანონის თანახმად, მას ხუთდღიანი ვადა მიეცა გირაოს შესატანად ან სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასასაჩივრებლად.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა, თანამდებობა გასული წლის ნოემბერში, კორუფციული სკანდალის ფონზე დატოვა. გადადგომამდე მის სახლში საგამოძიებო მოქმედებები და ჩხრეკა ჩატარდა. საქმე ენერგეტიკის სექტორიდან მილიონობით დოლარის მითვისების ფაქტებს ეხებოდა. კორუფციულ სკანდალში ერმაკთან ერთად ვოლოდიმირ ზელენსკის უახლოესი გარემოცვის სხვა მაღალჩინოსნებიც ფიგურირებდნენ.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე