25 ივნისი 2026,   15:44
ვრცლად
ზღვარი გადის პიროვნულ თავდასხმებზე. თითოეული კრიტიკა, უხამსი თუ ვულგარული გამონათქვამი თუ ლახავს კონკრეტული ადამიანის ღირსებას, უკვე ერთვება კანონი - ალექსანდრე დარახველიძე

რა იგულისხმება სიძულვილის ენაში, შეურაცხმყოფელ კამპანიასა და აგრესიულ კომუნიკაციაში - ტერმინებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გადაცემა "ღამის კურიერში", უწყებაში ახალი სამმართველოს შექმნის შესახებ ისაუბრა, რომლის მთავარი ფუნქციაც, სიძულვილის ენის გამოვლენა და მასზე რეაგირება იქნება.

როგორც ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, სიტყვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის ზღვარი პიროვნულ თავდასხმაზე გადის.

"უნივერსალური განმარტება არ არსებობს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც არ აქვს კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული ჩარჩოები. ერთის მხრივ, შესაძლოა ერთ მხარეს ჰქონდეს მოსაზრება, რომ ეს არის უხამსი, ვულგარული გამონათქვამები. არსებობს კონკრეტული საქმეები, სადაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ნათქვამი აქვს - მიუხედავად იმისა, რომ გამონათქვამები იყო უხამსი, ან ვულგარული, ამ შემთხვევაში, ეს არ იყო სიძულვილის ენის შემცველი და არ იყო კანონით აკრძალული.

როდესაც კონკრეტული პირი, ვინც ამ გამონათქვამებს იყენებს, არ აყენებს კონკრეტულ ადამიანს შეურაცხყოფას და ამ უხამსი გამონათქვამებით რაიმე პოლიტიკას აკრიტიკებს, ან მის შეხედულებას აფიქსირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ მოვლენასთან დაკავშირებით და არა კონკრეტულ ადამიანთან მიმართებით, ასეთ შემთხვევაში, ეს არის დაცული გამოხატვის თავისუფლებად. აქ ზღვარი გადის პიროვნულ თავდასხმებზე.

თითოეული კრიტიკა, თავდასხმა იქნება, უხამსი თუ ვულგარული გამონათქვამი, თუ ლახავს კონკრეტული ადამიანის პირად ღირსებას, ამ შემთხვევაში, უკვე ერთვება კანონი. ამ შემთხვევაში კანონი გვავალდებულებს, რომ დავიცვათ ადამიანის ღირსება. პირდაპირ განსაზღვრულია მუხლში, რომ ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება, სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება, მაგალითად საჯარო თანამდებობის პირის, ან პოლიტიკური ფიგურის მიმართ, თუ ეს დაკავშირებულია მის საქმიანობასთან ან მის მიერ განხორციელებულ კონკრეტულ აქტივობასთან, ასეთ შემთხვევაში უკვე კანონი შემოდის და ითვალისწინებს დასჯადობას.

მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ იტალიის ერთი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გააკრიტიკა მისი სიმაღლის გამო და დასცინა. იტალიური კანონის თანახმად, ეს ქმედება მიჩნეულ იქნა სისხლის სამართლის დანაშაულად და კონკრეტული ჟურნალისტის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგა, ოღონდ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომად ჯარიმა იქნა გამოყენებული.

ყველა ქვეყანა ცდილობს მაქსიმალურად დააზღვიოს თავის კანონმდებლობა, გაწეროს ყველა ის დეტალური შემთხვევები, როდესაც პიროვნული შეურაცხყოფები, თავდასხმა ადამიანის ღირსებაზე, იქნება დასჯადი ქმედება", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძე.

დღის ამბები