04 აგვისტო 2026,   01:00
ვრცლად
მადრიდში, "წყლის საერთაშორისო სამიტის" ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა საერთაშორისო პარტნიორებთან და სექტორის წამყვან კომპანიებთან მაღალი დონის შეხვედრები გამართეს

მადრიდში მიმდინარე "წყლის საერთაშორისო სამიტის" (Global Water Summit-ის) ფარგლებში საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა საერთაშორისო პარტნიორებთან და წყლის სექტორის წამყვან კომპანიებთან მაღალი დონის შეხვედრები გამართეს. დელეგაციას მინისტრის მოადგილე, გიორგი კობერიძე ხელმძღვანელობს. შეხვედრები გაიმართა, როგორც საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, ისე წამყვან ევროპულ კომპანიებთან - კანალ დე იზაბელ მეორესთან (Canal de Isabel II), სუეზთან (Suez), ვეიოლასთან (Veolia), აკუალიასთან (Aqualia) და მსოფლიო ბანკთან.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, წყლის დანაკარგების შემცირება და კლიმატურ გამოწვევებთან ადაპტაციის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და საინვესტიციო თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

ესპანურმა და ფრანგულმა კომპანიებმა საქართველოს წყლის სექტორის განვითარების გეგმების მიმართ ინტერესი გამოხატეს. საუბარი შეეხო როგორც თანამედროვე ციფრული მართვის სისტემებს, ისე ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის შესაძლებლობებს.

სამიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა მსოფლიო ბანკის წყლის გლობალური პროგრამის დირექტორთანაც, სადაც ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობასა და მიმდინარე პროექტებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

Global Water Summit წყლის სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, ინვესტორებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს აერთიანებს.

დღის ამბები