დედაქალაქი 26 მაისს სხვადასხვა კულტურული, სპორტული, გასართობი და საბავშვო ღონისძიებებით აღნიშნავს. 12:00 საათიდან ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს სადღესასწაულო ღონისძიებები და თემატური ინსტალაციები ათონელის ქუჩაზე, ალექსანდრეს ბაღში, ხაზინის და ფხოვის, ფურცელაძის და ვეკუას ქუჩებზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე დახვდებათ.
26 მაისისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები საქართველოს ყველა რეგიონში, საზეიმო კონცერტებით დასრულდება.
თბილისის მერიის ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ნინუცა ბუცხრიკიძის თქმით, დღის განმავლობაში, ორბელიანების მოედანი არაჩვეულებრივი და მრავალფეროვანი პროგრამის ეპიცენტრად გადაიქცევა.
"თბილისის მერია, ტრადიციულად, ჩართულია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიებებში და დღის განმავლობაში, ორბელიანების მოედანი გადაიქცევა ეპიცენტრად არაჩვეულებრივი და მრავალფეროვანი პროგრამის. დღის პირველი ნახევარი, ტრადიციულად, დაეთმობა ბავშვებს, ხოლო დღის მეორე ნახევარი უკვე ყველა ასაკობრივ კატეგორიაზე გათვლილი ღონისძიებებით იქნება დატვირთული. წელს, განსაკუთრებით თბილისის მერიის ნაწილში იქნება არაჩვეულებრივი ქართველი შეფების სამზარეულოები წარმოდგენილი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ასევე, უნიკალურ ხელნაკეთ ნივთებს წარმოადგენენ ქართველი მეწარმეები", - განაცხადა თბილისის მერიის ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ნინუცა ბუცხრიკიძემ.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა - სრულად