07 ივნისი 2026,   14:09
ვრცლად
"განადგურებულია ვენახები, სავარგულები, მარცვლეული კულტურები. შეტყობინება შემოვიდა სახურავების გადახდის შესახებ, მოგლეჯილია ხეები. ჩართულია სამაშველო სამსახური" - სტიქია კახეთში

გადახდილი სახურავები, დასეტყვილი ვენახები და ნაკვეთები - სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა. უამინდობამ ზიანი მიაყენა პანკისის ხეობას, სოფელ საკობიანის, ალვანს,ალავერდს ოჟიოსა და კოღოთოს.

ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქია დაახლოებით 10-15 წუთი გაგრძელდა. დაისეტყვა ვენახები და ხეხილის ბაღები.

"სეტყვა, დაახლოებით, 15-20 წუთი გაგრძელდა, მასთან ერთად იყო ქარიშხალი. სეტყვამ გადაათეთრა ყველაფერი, ალბათ 100%-ით გაანადგურა მოსავალი, ვენახებთან ერთად ბოსტნეული და ხილიც", - განაცხადა ადგილობრივმა ლიანა შაშვიაშვილმა.

"6 საათისთვის დაიწყო ძლიერი სეტყვა, გაგრძელდა 15-20 წუთი. ზედ არ შეეხედება ისეთ დღეშია მოსავალი - ვენახი, ბოსტნეული, ხილი, რაც ახალი ამოსულია სულ ძირს ყრია, რაც ზედ დარჩა იმის ნახევარზე მეტი გახმება", - აღნიშნა ადგილობრივმა ილია კუპრავიშვილმა.

სეტყვამ და ძლიერმა ქარმა მოსავალთან ერთად, საცხოვრებელი სახლების სახურავებიც დააზიანა. ადგილობრივის თქმით, სეტყვასთან ერთად იმდენად ძლიერი ქარი იყო, რომ გარკვეული პერიოდი სახლიდან ვერ გადიოდნენ.

"ჯერ მსხვილი სეტყვა წამოვიდა, მერე ამოვარდა ქარიშხალი. სახურავი ახადა, გარეთ ვერ გამოვედით ისეთი ძლიერი სეტყვა და ქარიშხალი იყო. ქარი როცა ჩადგა ავედით სახურავზე, წიგნივით იყო გადმოკეცილი ნახევარი სახურავი", - აღნიშნა ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსი ფიცხელაურის განცხადებით, ამ დროისთვის, მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღწერა და ზარალის დათვლა.

"განადგურებულია ვენახები, სავარგულები, მარცვლეული კულტურებია დაზიანებული, რომელიც შესაძლებელი იყო, რომ უკვე ორ კვირაში აღებულიყო. ასევე, შეტყობინება შემოვიდა სახურავების გადახდის შესახებ, მოგლეჯილია ხეები. ჩართულია სამაშველო სამსახური, რომელიც მუშაობს და გზებს წმენდს მოტეხილი ტოტებისგან და წაქცეული ხეებისგან. მერიის შესაბამისი სამსახური უკვე გასულია, დეტალურად დაიწყეს სტიქიის შედეგების აღწერა და ზარალის შეფასება", - განაცხადა ალექსი ფიცხელაურმა.

დღის ამბები