შეთანხმება "ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესებისთვის" - ღირებულება 372 მილიონი ამერიკული დოლარია - პროექტის მიზანი სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება. რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან სასესხო შეთანხმება დღეს გაფორმდა.
პროექტის ჯამური ღირებულება 751 მილიონი აშშ დოლარია. 372 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი მსოფლიო ბანკის ჯგუფმა გამოყო. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა აზიის განვითარების ბანკისგან 175 მილიონი და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან 182 მილიონი დოლარის დაფინანსების მისაღებად. საქართველოსთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი რკინიგზის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას მოხმარდება.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ინვესტიციებს კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურაში. საუბარია ბადიაური-ჩალაუბანი-ბაკურციხის მონაკვეთებზე, ასევე გურჯაანი თელავის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე. მოწესრიგდება სატრანსპორტო კვანძები, ესტაკადები, ხიდები, რაც, ბუნებრივია, გაზრდის საგზაო უსაფრთხოებას და დაკავშირებადობას.
ახალი ფინანსური რესურსი საქართველოს დაეხმარება თავისი, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბის სრული პოტენციალის რეალიზებაში. სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, შუა დერეფნის კონტექსტში საქართველოს როლი ქვეყნისადმი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ინტერესს მაქსიმალურად ზრდის.
პროექტის ავტორები ამბობენ, რომ ახალი შეთანხმება მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე, მზარდი საერთაშორისო სავაჭრო ნაკადებისა და დივერსიფიცირებული მიწოდების ჯაჭვების მხარდაჭერისთვის.