2026 წლის 11 ივნისს, მექსიკაში, ლეგენდარულ სტადიონ "აცტეკაზე", ოფიციალურად გაიხსნა მუნდიალების ისტორიაში ყველაზე დიდი ტურნირი, რომელსაც პირველად მასპინძლობს ერთდროულად სამი ქვეყანა (აშშ, კანადა, მექსიკა) და სადაც მონაწილეთა რაოდენობა რეკორდულ 48 გუნდამდე გაიზარდა.
ეს არის ერთიანი და ვრცელი ქრონიკა იმისა, თუ როგორ გადაიქცა 1930 წელს ურუგვაის მცირე სტადიონებზე დაწყებული იდეა მილიარდიან გლობალურ ფენომენად.
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი პლანეტის უდიდესი და ყველაზე ყურებადი სპორტული მოვლენაა, რომელიც ფიფას ეგიდით ტარდება. ტურნირი, რომელიც 1930 წელს 13 გუნდის მოკრძალებული შეჯიბრებით დაიწყო, ტრილიონიან ინდუსტრიად და გლობალურ ფენომენად იქცა, სადაც 5 მილიარდზე მეტი მაყურებელი ერთიანდება.

მუნდიალის შექმნის იდეა ფიფა-ს (FIFA) მესამე პრეზიდენტს, ჟიულ რიმეს ეკუთვნის. პირველი ჩემპიონატი 1930 წელს ურუგვაიში ჩატარდა. იმ პერიოდში ტრანსატლანტიკური მგზავრობა იმდენად რთული და ძვირი იყო, რომ ევროპიდან სამხრეთ ამერიკაში მხოლოდ ოთხი ნაკრები ჩავიდა. პირველი მუნდიალის ფინალში მასპინძელმა ურუგვაიმ არგენტინა 4:2 დაამარცხა და პირველი ოქროს თასი აღმართა, რომელსაც მოგვიანებით "ჟიულ რიმეს თასი" ეწოდა.
ამას მოჰყვა ტურნირები ევროპაში-1934 წელს იტალიაში და 1938 წელს საფრანგეთში. ორივეჯერ გამარჯვება იტალიის ნაკრებმა მოიპოვა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ სპორტული სამყარო თორმეტი წლით გააჩერა.
1950 წელს მუნდიალი ბრაზილიაში დაბრუნდა. ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი რიო-დე-ჟანეიროს ახალაშენებულ "მარაკანას" სტადიონზე შედგა. ბრაზილიას ჩემპიონობისთვის ფრეც აწყობდა, მთელი ქვეყანა ზეიმისთვის ემზადებოდა, სტადიონზე კი რეკორდული, თითქმის 200,000 მაყურებელი შეიკრიბა.საფეხბურთო ისტორიის უდიდესი სენსაცია-ურუგვაიმ მსვლელობისას თამაში შემოატრიალა, ბრაზილია 2:1 დაამარცხა და ქვეყანა დიდ გლოვაში ჩააგდო. ეს დღე ბრაზილიის ისტორიაში "მარაკანასოს" სახელითაა ცნობილი.
1954 წელს ტურნირი პირველად გადაიცა ტელევიზიით. ამავე ჩემპიონატზე დაფიქსირდა მუნდიალების ისტორიაში ყველაზე უხვგოლიანი მატჩი: ავსტრიამ შვეიცარიას 7:5 მოუგო.
1958 წელს საფეხბურთო სამყარომ გაიცნო 17 წლის პელე. მან ბრაზილიას პირველი მსოფლიო ჩემპიონობა მოუტანა და დღემდე რჩება ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მუნდიალის გამარჯვებულად. პელემ საერთო ჯამში 3 მსოფლიო თასის მოგება მოახერხა (1958, 1962, 1970), რაც უნიკალური რეკორდია.
1966 წელი, ინგლისი, ფეხბურთის სამშობლომ პირველად და ერთადერთხელ მოიგო ოქროს თასი. ფინალში გერმანიის წინააღმდეგ ჯეფ ჰერსტმა ისტორიული ჰეთ-თრიკი შეასრულა.
1970 წელს მუნდიალი პირველად გადაიცა ფერად ფორმატში, ასევე პირველად იქნა გამოყენებული ყვითელი და წითელი ბარათები. ბრაზილიამ მესამედ მოიგო ჩემპიონატი, რის გამოც „ჟიულ რიმეს თასი“ მათ გადაეცათ.
1974 წელს ფიფამ წარადგინა ახალი, დღევანდელი მსოფლიო თასი. ამ ეპოქაში ფეხბურთი უფრო ათლეტური და ტაქტიკური გახდა.
ნიდერლანდების ნაკრებმა იოჰან კრუიფის წინამძღოლობით მსოფლიოს „ტოტალური ფეხბურთი“ აჩვენა, სადაც მოთამაშეებს პოზიციების მუდმივი ცვლა შეეძლოთ, თუმცა ფინალებში ორჯერ დამარცხდნენ (1974-ში გერმანიასთან, 1978-ში არგენტინასთან).

1986 წლის მექსიკის მუნდიალი მთლიანად დიეგო არმანდო მარადონას ბენეფისად იქცა. ინგლისთან მეოთხედფინალში მან ორი ისტორიული გოლი გაიტანა: პირველი -ხელით, რომელსაც თავად მარადონამ „ღმერთის ხელი“ უწოდა, ხოლო მეორე მაშინ, როდესაც ნახევარი მოედანი გაირბინა, მთელი ინგლისის ნაკრები მოატყუა და საუკუნის გოლი გაიტანა.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ტურნირის მასშტაბი რადიკალურად გაიზარდა: 1954 წელი: მუნდიალი პირველად გადაიცა ტელევიზიით,1998-2022 წლებში ფორმატი 32-გუნდიან სისტემამდე გაიზარდა, რამაც ტურნირი გეოგრაფიულად უფრო მრავალფეროვანი გახადა. ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ჩემპიონატს სამი მასპინძელი ქვეყანა: აშშ, კანადა და მექსიკა უდგას სათავეში. გაფართოებული ფორმატი აერთიანებს 48 ნაკრებს და ჯამში 104 მატჩს.
მსოფლიო თასი დიდი ხანია გასცდა სპორტის საზღვრებს. ის იქცა კულტურულ ფენომენად რამდენიმე ძირითადი ფაქტორის გამო:გლობალური აუდიტორია: 2022 წლის მუნდიალის ფინალს (არგენტინა-საფრანგეთი) მხოლოდ ტელევიზიით თვალს 1.5 მილიარდი ადამიანი ადევნებდა. მთელი ტურნირის განმავლობაში კი ეს ციფრი 5 მილიარდს აჭარბებს. ყოველ 4 წელიწადში ერთხელ, მუნდიალი ახდენს პლანეტის კონსოლიდაციას. ისტორიული დაპირისპირებები და ლეგენდების, მაგალითად ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს, ბრძოლა ტიტულისთვის ქმნის მოგონებებს, რომლებიც თაობებს მიჰყვება. ტურნირის პოპულარობა ახალ საფეხურზე ავიდა სოციალური მედიის ჩართულობით. მაგალითად, ფიფა-მ TikTok ოფიციალურ ვიდეოპლატფორმად აირჩია, რაც გულშემატკივრებს უნიკალურ კონტენტზე მყისიერ წვდომას აძლევს.
საფეხბურთო მინდვრებზე დაფიქსირებული შედეგების მიღმა ყოველთვის დგას ადამიანური ფაქტორი, ტაქტიკური რევოლუციები და უნიკალური შემთხვევები, რომლებმაც განსაზღვრეს ამ თამაშის განვითარების ვექტორი. სტატისტიკური რეკორდები და ისტორიული ანომალიები, რომლებიც ჩემპიონატების განუყოფელი ნაწილია, ხშირად ლოგიკურ კავშირშია იმ ეპოქის სპეციფიკასთან, რომელშიც ისინი დაფიქსირდა.
5 გოლი ერთ მატჩში
1994 წლის აშშ-ის მუნდიალზე რუსეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ოლეგ სალენკომ, კამერუნის ნაკრებთან მატჩში (6:1) 5 გოლი გაიტანა. ეს არის ერთადერთი შემთხვევა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, როდესაც ერთმა ფეხბურთელმა ერთ შეხვედრაში ხუთი გოლის გატანა შეძლო.
წითელი ბარათი
ურუგვაელმა ხოსე ბატისტამ 1986 წლის მუნდიალზე შოტლანდიის წინააღმდეგ თამაშისას წითელი ბარათი მატჩის დაწყებიდან სულ რაღაც 56-ე წამზე მიიღო უხეშობისთვის. ეს დღემდე მუნდიალების ყველაზე სწრაფი გაძევებაა.
ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი
მუნდიალების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი სულ რაღაც 27 წლის იყო. 1930 წელს არგენტინის ნაკრებს ხუან ხოსე ტრამუტოლა ხელმძღვანელობდა, რომელიც ნაკრების ბევრ ფეხბურთელზე უმცროსი იყო, თუმცა გუნდი ფინალამდე მაინც მიიყვანა.
მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც ციხიდან გამოიქცა
გერმანიის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი ფრიც ვალტერი (1954 წლის ჩემპიონი) მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდა და ციხის ბანაკში იმყოფებოდა. ის სიკვდილით დასჯას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ ერთ-ერთმა უნგრელმა მცველმა იგი იცნო, როგორც ცნობილი ფეხბურთელი და სიიდან ამოაშლევინა. მოგვიანებით, 1954 წლის ფინალში, ვალტერმა სწორედ უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და თასი აღმართა.
ძაღლი, რომელმაც მსოფლიო თასი გადაარჩინა
1966 წლის ინგლისის მუნდიალის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, ლონდონში გამოფენიდან მოიპარეს მთავარი ჯილდო - "ჟიულ რიმეს თასი". ქვეყანაში ნამდვილი პანიკა და სკანდალი ატყდა. რამდენიმე დღის შემდეგ, ძაღლმა, სახელად პიკლზმა (Pickles), სეირნობისას გაზეთში გახვეული თასი ლონდონის ერთ-ერთ ბაღში, ბუჩქებში იპოვა. პიკლზი ეროვნულ გმირად იქცა, მიიღო სამუდამო უფასო საკვები და ჩემპიონატის საპატიო ბანკეტზეც კი მიიწვიეს 2022 წლის კატარის მუნდიალი ისტორიაში პირველად ჩატარდა ზამთარში. იგი დასრულდა საფეხბურთო ისტორიის, შესაძლოა, ყველაზე დრამატული ფინალით არგენტინასა და საფრანგეთს შორის (ძირითადი დრო 3:3, პენალტებში გაიმარჯვა არგენტინამ). ლიონელ მესიმ კარიერის მთავარი ოცნება აისრულა და მსოფლიო ჩემპიონის თასი აღმართა.
ფეხბურთი სრულიად ახალ ფურცელს შლის ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც ტექნოლოგიები, უპრეცედენტო მასშტაბები და 48 ქვეყნის ემოცია ახალ ისტორიას დაწერს.