24 ივნისი 2026,   22:29
ვრცლად
ანტონ უპერის მიმართ გამოცხადებულია, შიდა დონეზე ძებნა, მივმართავთ შესაბამის პროცედურებს საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თაობაზე - პროკურორი 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე

4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე კიდევ ერთი განაჩენი გამოცხადდა. მარიამ მეყანწიშვილი, ნანა სანდერი, აბო ნავერიანი და ძებნაში მყოფი ანტონ უპერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურორი ლაშა ცქვიტარია აცხადებს, რომ მსჯავრდებულთა ქმედებები სხვადასხვა კატეგორიის იყო და სწორედ აღნიშნულით არის განპირობებული სხვაობა სასჯელებს შორის.

"ნანა სანდერი, განაჩენის მიხედვით, დამნაშავედ იქნა ცნობილი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელისუფლების ძალადობით დამხობის ფაქტზე. მარიამ მეყანწიშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის, რაც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ხოლო, დანარჩენი ორი პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის ფაქტებზე. როგორც მოგეხსენებათ, მსჯავრდებულთა ქმედებები სხვადასხვა კატეგორიის იყო და სწორედ აღნიშნულით არის განპირობებული სხვაობა სასჯელებს შორის. რაც შეეხება მარიამ მეყანწიშვილს და მასთან მიმართებით დადგენილ განაჩენს, მოგახსენებთ, რომ მუხლი ითვალისწინებდა ალტერნატიული სახით სხვადასხვა სასჯელებს, მათ შორის თავისუფლების აღკვეთასაც. მას შემდეგ, რაც გავეცნობით სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის დასაბუთების ნაწილში, მივიღებთ გადაწყვეტილებას მისი გასაჩივრების თაობაზე. ანტონ უპერი იმყოფება ძებნაში, მის მიმართ გამოცხადებულია შესაბამისი დადგენილების საფუძველზე შიდა დონეზე ძებნა, თუმცა, განაჩენის შემდგომ მივმართავთ შესაბამის პროცედურებს საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თაობაზე," - აცხადებს პროკურორი.

დღესვე, განაჩენი გამოცხადდა ძალადობრივი მოვლენების სხვა ეპიზოდზე. 12 პირიდან 11-ს 1-წლიანი პატიმრობა და 3-წლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა. საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა მანუჩარ მიქელაძემ, რომელსაც 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე 

 

 

დღის ამბები