08 ივლისი 2026,   00:27
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობები გრძელდება

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ საქართველოს საკითხზე ინიცირებული რეზოლუციის პროექტი შეაფასა და განაცხადა, რომ კონკრეტული პოლიტიკური აქტორები საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს წინააღმდეგ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად იყენებენ.

მინისტრის განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები საერთაშორისო პლატფორმებზე პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება. მისი თქმით, ჯო უილსონი უკვე დიდი ხანია საერთაშორისო არენაზე საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ დღის წესრიგს აქტიურად ლობირებს და ამავე მიდგომას აგრძელებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებშიც.

„კონკრეტული აქტორები ჩვენ ვხედავთ რომ იყენებენ ნებისმიერ ფორმატს, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებში იმისათვის, რომ ის დღის წესრიგი, რომელიც აქვთ საქართველოს წინააღმდეგ იყოს მაქსიმალურად გამოყენებული და საერთაშორისო ინსტიტუტებიც ამ მიზნებისთვის გამოიყენონ. ეს არ არის პირველი მცდელობა,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე მორიგი რეზოლუციის წარდგენაც სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს.

„ჯო უილსონი არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ აქტიურად ლობირებს დღის წესრიგს საერთაშორისო არენაზე და რა თქმა უნდა მას აქვს შესაძლებლობა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებშიც იგივე დღის წესრიგი განავითაროს და სწორედ ამის დემონსტრირებაა ვილსონის მხრიდან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს თემაზე მორიგი ნეგატიური საკითხების დღის წესრიგის შემოტანა,“ - აღნიშნა მინისტრმა.

დღის ამბები