11 სექტემბერი 2026,   03:18
ვრცლად
კოსმოსური თავდაცვა და ეკონომიკა - პირველი გლობალური სამიტი პარიზში - მიწვეულია საქართველოს პრემიერი - რატომ არის საქართველო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის მნიშვნელოვანი?

სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, შავი ზღვა და კავკასიონი, კრიტიკული ინფრასტრუქტურა - არსებული გეოპოლიტიკური კრიზისების გამო, საქართველო ევროპის თვალი და ყურია რეგიონში. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რომ ემანუელ მაკრონმა ირაკლი კობახიძე მიიწვია კოსმოსის საერთაშორისო სამიტზე, რომელიც მსგავსი მასშტაბის პირველი ფორუმია მსოფლიოში. კოსმოსური უსაფრთხოება, თავდაცვა და ეკონომიკა - გლობალური კონკურენციის პირობებში, დაზვერვისთვის, კიბერუსაფრთხოებისთვის, კავშირგაბმულობისა და სამხედრო ნავიგაციისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამგზავრები. შავი ზღვა ევროპის თავდაცვის წინა ხაზია.

ამასთან, საქართველოზე გადის ენერგეტიკული და ციფრული დერეფნების სტრატეგიული მილსადენები, ანუ ევროპის ალტერნატიული ენერგოტრასები, რომელთაც სატელიტური რადარებით დაცვა სჭირდებათ. ტექნოლოგიურმა კონკურენციამ და გეოპოლიტიკურმა რისკებმა აჩვენა, რომ კოსმოსი ხდება დღევანდელი მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი. ევროკავშირს კი, საქართველოს სახით, აღმოსავლეთ ფლანგზე სჭირდება საიმედო პარტნიორი.

კავკასია არის ხიდი ევროპას, აზიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის, მათ შორის - კოსმოსში. კოსმოსის ათვისების, უსაფრთხოებისა და მართვის ახალ საერთაშორისო წესებზე სასაუბროდ, პარიზში ჩასული არიან 120 ქვეყნის დელეგაციები და 2 ათასამდე დელეგატი, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მეთაურები და პრეზიდენტები. მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსური ფორუმის თანაორგანიზატორია გერმანია, საფრანგეთში არ ჩავიდა ფრიდრიხ მერცი, ასევე, ბოლო წუთს, ვიზიტი გააუქმეს ამერიკულმა გიგანტებმა, მათ შორის არის ილონ მასკის "სფეის იქსი". ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა სტრატეგიული კონკურენციაა კოსმოსში და რამდენად სჭირდებათ განვითარებულ ქვეყნებს საქართველოს მსგავსი სახელმწიფოები.

კოსმოსური ტექნოლოგია მხოლოდ ორბიტაზე მყოფი სატელიტები არ არის. დედამიწის სხვადასხვა წერტილში აუცილებელია სადგურები და საქართველო ამისათვის იდეალური ლოკაციაა.

 

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები