აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შავ ზღვაში სატვირთო გემზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას sky news-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, კიდევ ორი აზერბაიჯანის მოქალაქე წინა დღეს დაიჭრა, როდესაც გემს, სახელად TEDY-ი, დრონი დაესხა თავს. ისინი უკრაინის საპორტო ქალაქ ჩერნომორსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ იმ რეგიონებში გამგზავრებისგან, სადაც სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს ან უსაფრთხოების მდგომარეობა არასტაბილურია. ასევე, თავი შეიკავონ იქ შრომითი საქმიანობისგან ან იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, მათ შორის გემებზე მუშაობისგან, რომლებიც ამ მარშრუტებზე გადაადგილდებიან", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
მედიის ცნობით, სამინისტროს არ დაუდასტურებია, თუ ვინ განახორციელა დრონებით თავდასხმა. თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მანამდე განაცხადა, რომ მან ორი ტვირთმზიდი გემი დაბომბა, როდესაც ისინი ოდესის ახლომდებარე პორტისკენ მიემართებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გემებს ტვირთი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადაჰქონდათ.