აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის გაჭიანურებასა და რუსეთის დიზელის ქარხნებზე შეტევების გამო გააკრიტიკა, რამაც, მისი თქმით, გლობალურ ბაზრებსა და ამერიკელ ფერმერებს ზიანი მიაყენა.
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მთავარი მიზანი ომის დროული დასრულებაა და უახლოეს მომავალში მშვიდობის მიღწევის იმედს გამოთქვამს.
"რუსეთთან დაკავშირებით ჩემი გადაწყვეტილება ძალიან მარტივია. მე რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომში მშვიდობის დამყარებაზე ვაწარმოებ მოლაპარაკებებს და არ მსურს ისეთი რამის გაკეთება, რაც რუსეთს, სრულიად უგუნურად, მოლაპარაკების მაგიდას მოაცილებს.
მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, მათ შორის - მძევლებთან დაკავშირებულ მიმდინარე მოლაპარაკებებშიც! ამ ეტაპზე აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერა სწორედ ამას გამოიწვევს; მე კი მისი ხელმოწერა შემიძლია მოგვიანებით, ან ნებისმიერ დროს, როცა თავად მოვისურვებ! რაც, შესაძლოა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია: რუსეთი, იმასთან შედარებით, რაც შეეძლო გაეკეთებინა, ძალიან ცოტას (ან საერთოდ არაფერს) აკეთებს ირანის ისლამური რესპუბლიკის დასახმარებლად.
მსურს, ვითარება ასეც დარჩეს - და ასეც იქნება, თუკი გონებაჩლუნგი ადამიანები ხელს არ შემიშლიან. და ბოლოს: ზელენსკი რუსეთში დიზელის გადამამუშავებელ ქარხნებს სამიზნედ იყენებს, თანაც კარგად იცის, რომ ეს თავდასხმები სერიოზულ ზიანს აყენებს დიზელის მსოფლიო ბაზრებს, მათ შორის - აშშ-ის ბაზარსაც. ამის გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ფერმერები, მეცხოველეები და სხვადასხვა სახის ბიზნესები; მიუხედავად ამისა, რუსეთი მსოფლიოს კვლავ აწვდის მილიონობით ბარელ დიზელს - თანაც, დაბალ ფასად. ზელენსკის ეს არ ადარდებს. გულახდილად რომ ვთქვათ - იმ თანხების გათვალისწინებით, რომლებსაც მას, როგორც ცნობილია, ევროპა ურიცხავს, და იმ თანხებისაც, რომლებიც წარსულში "გაიძვერა ჯო ბაიდენმა" მისცა - მას სულაც არ სურს ამ ომის დასრულება; სავარაუდოდ, არც არასდროს სურდა.
ორი წლის წინ მას შეეძლო გაცილებით უკეთესი შეთანხმების მიღწევა, ვიდრე ეს დღეს არის შესაძლებელი. მისი ქვეყანა ნანგრევებშია, ტერიტორიების დიდი ნაწილი დაკარგულია, ზღვებსა და ოკეანეებზე წვდომა აღარ აქვს, მამაკაცი მოსახლეობა კი მკვეთრად შემცირდა - ისინი ან დაჭრილები არიან, ან დაღუპულები. მე მინდა, რომ ეს ომი დასრულდეს! გმადლობთ ამ საკითხისადმი გამოჩენილი ყურადღებისთვის", - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.