უკრაინის პრეზიდენტი მზად არის ცეცხლის შეწყვეტას და ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობის გაყინვას დათანხმდეს, თუ უკრაინა საკუთარი ტერიტორიის, სულ მცირე, 75%-ზე კონტროლს შეინარჩუნებს.
როგორც Fox News-თან ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, ეს, ომის დასრულების რეალური გზა შეიძლება იყოს. მისი თქმით, შემდეგი ნაბიჯი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიღება იქნება.
ჟურნალისტის შეკითხვას, დათანხმდებოდა თუ არა უკრაინის პრეზიდენტი არსებულ ვითარებაში შეთანხმების მიღწევას, პასუხი ცალსახად ერთი იყო - რა თქმა უნდა, დათანხმდებოდა, რადგან ეს ომის დასრულების ერთ-ერთი რეალური გზაა.
"დიახ. თუ ახლა მოგვიწევს სიტუაციის გაყინვა, ვფიქრობ, ეს ომის დასრულების რეალური გზაა. ამას ცეცხლის შეწყვეტას ვუწოდებთ, ან მკვლელობების შეჩერებას, როგორც ამას პრეზიდენტმა ტრამპმა უწოდა. გავყინოთ და შევაჩეროთ. რა თქმა უნდა, ეს არის მინიმუმი, რასაც დღეს რუსეთისგან ვითხოვთ", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.