საკონსტიტუციო სასამართლო, უკვე სამი საათია, 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელს განიხილავს. მოსამართლეთა კოლეგიამ "გახარია საქართველოსთვის" შუამდგომლობა სასამართლო განხილვის ერთი თვით გადადების შესახებ არ დააკმაყოფილა. ეს მოთხოვნა სხდომაზე ბერდია სიჭინავამ დააყენა.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა სხდომაზე სასამართლო პროცესის შემჭიდროებულ ვადებზე გაამახვილა ყურადღება.
"მოპასუხე მხარეს უფლება აქვს, ერთი თვის ვადით მოითხოვოს ამ საქმის გადადება, რომ თავისი პირველადი შესაგებელი წარმოადგინოს. 13 ოქტომბრის შემდეგ, რაც თქვენ არსებითად განსახილველად მიიღეთ ეს კონსტიტუციური სარჩელი, 24 ოქტომბერს დაგვინიშნეთ სხდომა. მოპასუხე მხარეს, რომელიც ბოლოს დამატებულია ამ სარჩელში, არ მიეცა გონივრული შესაძლებლობა ამ საქმის მომზადების", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.