საკონსტიტუციო სარჩელის არსი "ლელოს" წევრს მოსამართლემ განუმარტა. საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხედ გამოცხადებული იურისტისთვის საჭირო გახდა დაეკონკრეტებინათ, თუ რას გულისხმობს ბრალდების ფაბულა და რას ედავებიან მის პოლიტიკურ პარტიას. ლევან სამუშია სასამართლოს დარწმუნებას ცდილობდა, თითქოს "ლელოს" გახარიას პარტიასთან საარჩევნოდ თანამშრომლობას ედავებოდნენ. პლენუმის წევრებმა კი სამუშიას სარჩელის შინაარსი აუხსნეს.
სარჩელის არსის დაზუსტების შემდეგ, ლევან სამუშიამ ახსნა-განმარტებები სხვა საკონსტიტუციო ბრალდებებთან დაკავშირებით გააგრძელა. სანდრო გირგვლიანის თემაზე საუბარს დარბაზში კამათი მოჰყვა. მოსარჩელე მხარისთვის მოპასუხის სიტყვა სამართლებრივი არგუმენტებისგან დაცლილი და მხოლოდ პოლიტიკურად დატვირთული აღმოჩნდა. მოსამართლემ კი ბალანსის დაცვის ვალდებულებაზე ისაუბრა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს "ლელოს" წევრებისთვის შენიშვნის მიცემა რამდენჯერმე მოუწია. სამუშიას გარდა ტრიბუნა გიორგი სიორიძემაც დაიკავა. გამოსვლის ნაწილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის შეფასებას დაეთმო, რასაც მოსარჩელემ პროვოკაციული განცხადება ტყუილი და მიზანმიმართული დეზინფორმაცია უწოდა.
პლენუმის წევრები მოპასუხე პარტიების ახსნა-განმარტებებს მთელი კვირის განმავლობაში ისმენდნენ. ყველა პოლიტიკურ ძალას, რომლის აკრძალვასაც საკონსტიტუციო სარჩელის ავტორები ითხოვენ მიაჩნიათ, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. საკონსტიტუციო სარჩელის წარმდგენების შეფასებით კი ბრალდებები სასამართლოსთვის წარდგენილ დოკუმენტში დეტალურადაა ჩაშლილი.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სასამართლო დარბაზში მიმდინარე პროცესები სახელისუფლებო პარტიისთვის საკონსტიტუციო სარჩელში შეყვანილი 5 პოლიტიკური ძალის მორიგი ლუსტრაციაა. "ქართული ოცნებაში" აცხადებენ, რომ ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობა ოპოზიციისთვის კრახით დასრულდება.
საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხე მხარის მხრიდან ახსნა-განმარტებების ეტაპი დასრულდა. 9 ნოემბრიდან პროცესი უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.