12 ნოემბერი 2026,   13:03
ვრცლად
სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში მჯდომარე ფრენბურთისა და პარაკალათბურთის ტურნირი გაიმართა

წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით მჯდომარე ფრენბურთისა და პარაკალათბურთის ტურნირი გაიმართა.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. პარაკალათბურთის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს პირველი ქვეითი და მეხუთე საარტილერიო ბრიგადების გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბული მატჩის შედეგად გარდამავალი თასი მეხუთე საარტილერიო ბრიგადის გუნდმა მოიპოვა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები პირველი ქვეითი ბრიგადისა და გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტოს გუნდებმა გადაინაწილეს.

მჯდომარე ფრენბურთის ფინალში ერთმანეთს მეოთხე ქვეითი და მეექვსე საარტილერიო ბრიგადების გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება მეოთხე ქვეითი ბრიგადის გუნდმა მოიპოვა და წინა წლის ტურნირზე მოპოვებული ჩემპიონის ტიტული წარმატებით შეინარჩუნა. მეორე და მესამე ადგილები მეექვსე საარტილერიო და პირველი ქვეითი ბრიგადების გუნდებმა გადაინაწილეს. ტურნირის გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები მედლებითა და გარდამავალი თასებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირის მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობაა.

დღის ამბები