15 ნოემბერი 2026,   11:32
ვრცლად
წვევამდელებმა სენაკში სამხედრო ფიცი დადეს

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვის ვადით ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა წვევამდელებმა სენაკში სამხედრო ფიცი დადეს. მათ სამხედრო ფიცის მიღება თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და მე-3 ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელებმა მიულოცეს და წარმატებული სამხედრო სამსახური უსურვეს.

ცერემონიალი მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე გაიმართა, სადაც შეიარაღებისა და ტექნიკის გამოფენაც მოეწყო. ღონისძიებას წვევამდელთა მშობლები და ახლობლები დაესწრნენ.

დღეიდან წვევამდელების ნაწილი სწავლას გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსზე გააგრძელებს, ნაწილი კი კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში - ათეულისა და ოცეულის სერჟანტის საკარიერო კურსს გაივლის. სასწავლო პროგრამების დასრულების შემდეგ წვევამდელები 31-ე ქვეით ბატალიონში უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე დაბრუნდებიან და 6 თვის ვადით გაწვეულ წვევამდელებთან ერთად ოცეულის მეთაურის თანაშემწის, ოცეულის სერჟანტის თანაშემწის, ათეულის მეთაურისა და საშტაბო პოზიციებზე გააგრძელებენ სამსახურს.

11-თვიანი სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ წვევამდელებს ოფიცრის (ლეიტენანტის), სერჟანტის ან უმცროსი სერჟანტის წოდება მიენიჭებათ. სამხედრო სამსახურის პერიოდში ისინი უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე იმსახურებენ, ხოლო ნებაყოფლობითი რეგისტრაციის შემთხვევის გამო, ანაზღაურებაზე 30%-იან დანამატს მიიღებენ.

სამხედრო ფიცის მიღებამდე წვევამდელებმა 6-კვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს. პროგრამის ფარგლებში მათ შეისწავლეს კავშირგაბმულობა, საცეცხლე, ტაქტიკური, სამედიცინო, საინჟინრო და სამწყობრო მომზადება, ასევე ტოპოგრაფია.

სამხედრო დისციპლინების ათვისების პარალელურად, წვევამდელები დასავლეთ საქართველოში არსებულ კულტურულ ძეგლებს - გელათის მონასტერსა და მოწამეთას სამონასტრო კომპლექსს ესტუმრნენ, ასევე იმყოფებოდნენ ზუგდიდში, დადიანების სასახლესა და ბოტანიკურ ბაღში.

დღის ამბები