19 ნოემბერი 2026,   13:05
ვრცლად
თუ ჩინეთი და აშშ სანქციებს დააწესებენ, ან განაცხადებენ, რომ სანქციებს დააწესებენ და რუსეთთან ვაჭრობას შეწყვეტენ, ეს ომს დაასრულებს, ჩინეთსა და აშშ-ს საკმარისი ძალა აქვთ იმისთვის, რომ პუტინი შეხვედრის დროს შეაჩერონ - ზელენსკი

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი რამდენიმე საათში ბერლინში უკრაინელ და ევროპელ მაღალჩინოსნებს შეხვდებიან. მოლაპარაკებების მთავარი საკითხები უსაფრთხოების გარანტიები, უკრაინის ეკონომიკის აღდგენა და სამშვიდობო პროცესი იქნება.

"კიევ ინდიფენდენთის" ცნობით, უიტკოფმა და კუშნერმა რუს და უკრაინელ მომლაპარაკებლებს განუცხადეს, რომ ეს შესაძლოა სამშვიდობო შეთანხმების ბოლო შესაძლებლობა იყოს. ბერლინში შეხვედრას წინ უძღოდა მოლაპარაკებები აბუ-დაბიში, სადაც რუსეთმა, უკრაინამ და შტატებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. უთანხმოების მიზეზი ტერიტორიულ საკითხებზე მხარეთა განსხვავებული პოზიციები გახდა.

დღესვე, გერმანიის მთავრობის მოწვევით, ბერლინში "მსურველთა კოალიციის" ლიდერებიც შეიკრიბებიან. შეხვედრაში 37 ქვეყნის წარმომადგენლები, ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელი პირები მიიღებენ მონაწილეობას. ელოდებიან უკრაინის პრეზიდენტსაც.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ომის დასრულება შესაძლებელი გახდება, თუ შეერთებული შტატები და ჩინეთი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებენ და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს შეწყვეტენ. 

"ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, ვიბრძვით და ვასრულებთ იმას, რაც გვევალება. მე პრეზიდენტი ვარ და ვაკეთებ იმას, რაც უნდა გავაკეთო. თუ ჩინეთი და შეერთებული შტატები სანქციებს დააწესებენ, ან განაცხადებენ, რომ სანქციებს დააწესებენ და რუსეთთან ვაჭრობას შეწყვეტენ, ეს ომს დაასრულებს. ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს საკმარისი ძალა აქვთ იმისთვის, რომ პუტინი შეხვედრის დროს შეაჩერონ", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები