23 დეკემბერი 2024,   02:30
ვრცლად
ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია - სამხედროები ადგილზე ორი დღის განმავლობაში რჩებიან

ატენის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაცია მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. რთული რელიეფის გამო, მეხანძრეებსა და სამხედროებს გადაადგილება მარტო ფეხით შეეძლოთ. ტექნიკა სტიქიის ადგილს მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრით მიუახლოვდა.

სტიქიას ადგილზე 300-მდე სამხედრო ებრძოდა. ატენის ხეობაში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადა იმყოფება.

ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ სამხედროებს ტერიტორია არ დაუტოვებიათ. ორი დღის განმავლობაში 50-მდე ჯარისკაცი ატენის ხეობაში 24-საათიან რეჟიმში იმორიგევებს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. სტიქიამ 2 ჰექტრამდე ტყის მასივი გაანადგურა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიის ზონა უკვე დატოვეს, გორისა და ქარელის სახანძრო-სამაშველო სამსახურები მაინც საგანგებო რეჟიმში რჩებიან.

ხანძრის პირველი კერა ადგილობრივებმა ატენის ხეობაში, სოფელ ზემო ბოშურთან, გუშინ შუადღისას შენიშნეს. მოგვიანებით ცეცხლი გაძლიერდა და თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ვრცელდებოდა.

ხანძრის ლოკალიზება გამთენიისას მოხდა. სტიქიის ზონაში, სამხედროებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორიაც იმყოფებოდა.

დღის ამბები