მიხეილ სააკაშვილის დაკავებას უკრაინაში ნაბუ-ს წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას უკავშირებენ.
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც "ნაბუს" სახელით არის ცნობილი, ჯერ კიდევ 2015 წელს, ამერიკისა და ევროკავშირის დაჟინებული მოთხოვნით, შეიქმნა. მისი საქმიანობა კი მაღალ ეშელონებში კორუფციის გამოვლენას ეხება. ნაბუ-ს მიერ გამოძიებული იქნა არაერთი ხმაურიანი საქმე.
ნაბუ ამ ეტაპზე 500-მდე კორუფციულ საქმეს იძიებს. 149 მაღალჩინოსანმა კომფორტული კაბინეტებიდან მსჯავრდებულის საკანში გადაინაცვლა.
ბიურომ უკრაინელებისთვის მოპარული და ევროპის ქვეყნებში გადამალული 3 მლდ დოლარზე მეტი გამოავლინა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორუმპირებული ელიტა ღია კონტრშეტევაზე გადავიდა. კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მედროშის - სააკაშვილის, დაკავების წარუმატებელი მცდელობის პარალელურად, იმავე დღეს ხელისუფლების ლობით პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლის რეალური მიზანიც სწორედ ნაბუ-ს მოქმედი თავმჯდომარის გადაყენება იყო.
მიხეილ სააკაშვილის ხელმეორედ დაკავება რომ არა, 8-და 9 დეკემბერის მთავარი ახალი ამბავი კიევში სწორედ აი ეს სპეცოპერაცია იქნებოდა.
ნაბუ-ს დეტექტივები, რომელთა მომზადებაზე ამერიკულ FBI-ის ათეულობით მილიონი აქვს დახარჯული, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად პირდაპირ იუსტიციის სამინისტროს შენობაში შევიდნენ. წინააღმდეგობის მიუხედავად, ნაბუ-ს დეტექტივებმა მათთვის საინტერესო დოკუმენტებს ნაგვის ყუთებში მიაგნეს, რომელთა განადგურებას სამინისტროში ვიღაცა სახელდახელოდ ცდილობდა. სამიოდე კვირით ადრე კი ნაბუ-მ შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის, შვილი დააკავა, რომელიც იმავე სამინისტროს ზურგჩანთებით ამარაგებდა და ბიუჯეტს რეალურზე 4-ჯერ უფრო მაღალ ფასსაც ახდევინებდნენ.
გამოძიება ჯერაც არ დასრულებულა თავად პრეზიდენტ პოროშენკოს კავშირებზე სამხედრო შესყიდვებთან. სქემა აქაც მსგავსია - პრეზიდენტის კომპანიისგან თავდაცვის სამინისტრო საბაზროზე 3-ჯერ უფრო ძვირად ყიდულობდა სამხედრო ჯავშანმანქანა ტრიტონებს. საქმეზე ჯერჯერობით ერთადერთი დაკავებული თავდაცვის მინისტრის მოადგილეა, რომელიც დღემდე ირწმუნება, რომ ასეთი საქმეები გენერლის, ანუ დაბალ დონეზე არ წყდება.
ავტორი: მიხეილ სესიაშვილი