"ხეჩიკაშვილის მინისტრობის პერიოდში 34 მილიონი სახელმწიფო შესყიდვა მიიღო მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა," - ეს განცხადება სტუდია მონიტორის გამომძიებელმა ჟურნალისტმა, გიორგი მგელაძემ, გააკეთა.
გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში გიორგი მგელაძემ მონიტორის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე ისაუბრა და თქვა, რომ დოკუმენტების შესწავლის შედეგად, კორუფციასთან დაკავშირებით არაერთი ეჭვი გაჩნდა.
„დაახლოებით 15 მილიონის ტენდერში ხეჩიკაშვილის კომპანია იყო უკონკურენტო და ჩვენ გვაქვს დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ სატენდერო დოკუმენტები იყო მორგებული მინისტრის კომპანიაზე,“ - განაცხადა მგელაძემ.
რაც შეეხება გია გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის", სიძის კომპანიას, გიორგი მგელაძე ამბობს, რომ აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებითაც არაერთი ეჭვი გაჩნდა. მათ შორის ის, რომ შეუსრულებელი ვალდებულებების მიუხედავად, "უცნობის" სიძის კომპანიამ 4 ტენდერი მოიგო.
"კვირიკაშვილის ბრძანებით 12 ათასი კვადრატული მიწის ნაკვეთი გადაეცა "უცნობის" სიძის ახლად დაფუძნებულ კომპანიას, რომელმაც არ შეასრულა ვალდებულებები, არ გადაიხადა მიწის ღირებულება 326 ათასი ლარი და მიუხედავად ამისა, მას სამჯერ გადაუვადეს გადახდის ვალდებულება და მხოლოდ მას შემდეგ შეუწყვიტეს კონტრაქტი, რაც სტუდია მონიტორმა ეკონომიკის სამინისტროში არაერთი წერილი გააგზავნა,“ - განაცხადა მგელაძემ.
მისივე თქმით, მეორე კომპანია ციტროენ ჯორჯია მას შემდეგ დაფუძნდა, რაც საქართველოს ფოსტის 200-ათასიანი ტენდერი გამოცხადდა და მოიგო ტენდერი. საქართველოს ფოსტას სატენდერო მოთხოვნებში არ ჩაუწერია გამოცდილება, რაც ასევე აჩენს ეჭვს, რომ სახელმწიფო შესყიდვა კონკრეტულ კომპანიაზე იყო მორგებული.