08 დეკემბერი 2024,   20:28
ვრცლად
"ენმ"-ის პოლიტსაბჭოს წევრის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ხათუნა ხოფერიას და დავით ოქიტაშვილს ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, ეკა წამალაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ხათუნა ხოფერიას და დავით ოქიტაშვილს ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ეს სასჯელის მაქსიმალური ზომაა, თუმცა შესაძლოა, მათ სასამართლომ ფულადი ჯარიმაც დააკისროს.

მმართველი პარტიის აქტიური მხარდამჭერებისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ, თუმცა ძალადობის მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ხოფერიაც და ოქიტაშვილიც პოლიციამ დღეს დაკითხა.

სამართალდამცველებმა ძალადობის მუხლით გამოძიება ტელეკომპანია „იბერიას“ პირდაპირ ეთერში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაიწყეს. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს ჯერ სიტყვიერი, მოგვიანებით კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დავით ოქიტაშვილმა ეკა წამალაშვილის ჯერ კამერების წინ წყალი შეასხა, მაუწყებლობის გათიშვის შემდეგ კი, წამალაშვილის მტკიცებით, მასზე ხათუნა ხოფერიამ იძალადა.

ხათუნა ხოფერიასა და დავით ოქიტაშვილს დღეს თითქმის სამი საათის განმავლობაში კითხავდნენ. კონფლიქტის მონაწილეთა ადვოკატი ამბობს დაკითხვის შედეგად სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა და საქმე უნდა შეწყდეს.

ეკა წამალაშვილი ხათუნა ხოფერიას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, „ნაციონალურ მოძრაობის“ ლიდერი ხატია დეკანოიძე კი მუქარაში.

უჩივლებს თუ არა ხოფერიას დეკანოიძეც, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს. შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ გამოძიების მსვლელობისას ძალადობის მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები