11 მაისი 2024,   07:32
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევა - „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“ პარლამენტს ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

არასაპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტს მიმართავს. „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“ მოუწოდებენ საკანონმდებლო ორგანოს, კერძოდ, "ქართული ოცნების’’ უმრავლესობას, დაიცვას დემოკრატიის პრინციპები, აღასრულოს თავისი დემოკრატიული მოვალეობა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მხარი დაუჭიროს ნინია კაკაბაძის კანდიდატურას.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევისას, უმრავლესობა კვლავ უგულებელყოფს კანონის მოთხოვნებს და სრულიად დაუსაბუთებელი მიზეზების გამო, მხარს არ უჭერს ნინია კაკაბაძის კანდიდატურას, რომელიც წარდგენილია უმცირესობის კვოტით.

ნინია კაკაბაძის კანდიდატურა პარლამენტში დასამტკიცებლად კიდევ ერთხელ წარადგინა პარტია „ევროპულმა საქართველომ.“

„საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ "ქართული ოცნების’’ ხელისუფლება ცდილობს და წარმატებით ახერხებს კიდეც საქართველოს ამ მთავარი ტელევიზიის სრულ დაქვემდებარებას. არადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დანიშნულებაა, უზრუნველჰყოს ჩვენი საზოგადოების მრავალფეროვანი და არა ერთგვაროვანი ინტერესების შესაბამისი მაუწყებლობა. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოში შედიოდნენ დამოუკიდებელი, კრიტიკულად მოაზროვნე და უკომპრომისო ადამიანები.

სწორედ ასეთია ნინია კაკაბაძე, რომლის კანდიდატურა პარლამენტში დასამტკიცებლად კიდევ ერთხელ წარადგინა პარტია „ევროპულმა საქართველომ“ უმცირესობის კუთვნილი კვოტით,“-ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები