12 მაისი 2024,   01:17
ვრცლად
"რუსთავი2"-ის, მაჩალიკაშვილის და მერაბიშვილის საქმეები - ომბუდსმენის ანგარიში უკვე პარლამენტშია 

სახალხო დამცველის გასული წლის ანგარიში უკვე პარლამენტშია. დასკვნა ბიუროს სხდომაზე ხვალ ოფიციალურად დარეგისტრირდება. 347 გვერდიანი დოკუმენტი ყველა მნიშვნელოვან თემას ეხება.

მათ შორის არის კრიტიკული შეფასებები თემირლან მაჩალიკაშვილისა და "რუსთავი2"-ის საქმეებზე, ასევე დაფიქსირებულია ომბუდსმენის მოსაზრება ქვეყნის ნარკოპოლიტიკასა და ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

„ჩვენ ერთის სახალხო დამცველის არგუმენტებს მოვისმენთ, მეორეს მხრივ იმ უწყებების არგუმენტებს მოვისმენთ რომელთან მიმართებაშიც აქვს სახალხო დამცველს რეკომენდაციები და კითხვები,“-აცხადებს გედევან ფოფხაძე.

დოკუმენტის პარლამენტში დარეგისტრირებამდე ნინო ლომჯარია დასკვნის დეტალებზე დღეს მედიასთან ისაუბრებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ განხილვისას საუბარი სასამართლოზე განხორციელებულ ზეწოლას და აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების საკითხს შეეხება.

„მოველით რომ ამ ანგარიშში აუცილებლად იქნება საუბარი იმ ძალიან მძიმე პრობლემებზე, რომელიც სასამართლო ხელისუფლებაში გვაქვს ჩვენ დღეს და იმ დიდ ზეწოლაზე, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება და ქართული ოცნება ახორციელებს სასამართლოზე. ასევე ხაზგასმული იქნება პოლიტპატიმრების თემა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება არ გრძნობს ანგარიშვალდებულებას პარლამენტის წინაშე,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ირაკლი კიკნაველიძე.

სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინების იმედი არ აქვთ „ნაციონალურ მოძრაობაში“.

„როგორც წესი ან ცინიზმით პასუხობენ და დაცინვით ან საერთოდ უგულებელყოფენ ასეთი ტიპის კრიტიკას. ნაცვლად იმისა, რომ თვით ანალიზის უნარი გამოიჩინოს „ქართულმა ოცნებამ“ მეექვსე წელს მათი მმართველობისა და ეცადოს, რომ გამოასწოროს ის ძალიან სერიოზული პრობლემები, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა ამ ხელისუფლებამ დააყენა,“-განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

დღის ამბები