26 აპრილი 2024,   21:46
ვრცლად
სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევა - საგამოძიებო სამსახურმა ოთხი საწარმოს ხელმძღვანელები დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოთხი საწარმოს ხელმძღვანელები დააკავა.

დაკავებულებს ბრალად სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევა ედებათ.

გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ ბრალდებულები წყალტუბოს მერიის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობდნენ და წინასწარ თანხმდებოდნენ, რომელ კომპანიას უნდა გაემარჯვა ტენდერში.

უწყების ცნობით, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მეწარმე სუბიექტების ნაწილი, ტენდერში მონაწილეობის პროცესში სპეციალურად იღებდა დისკვალიფიკაციას, რაც საშუალებას აძლევდა ბრალდებულებთან დაკავშირებულ ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიას,  ტენდერი მაღალი ფასნამატით მოეგო. 

გამოძიების პროცესში ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, ტენდერში მონაწილეობის მსურველი სხვა კომპანიის წარმომადგენელზე ახდენდა ზეწოლას, რათა ამ უკანასკნელს უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ტენდერებში მონაწილეობაზე.

დაკავებულ პირებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1951-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ. 

დღის ამბები