07 მაისი 2024,   21:43
ვრცლად
35 წლის მეზობლის განზრახ მკვლელობისთვის 90 წლის კაცი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ სცნეს - მას 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

90 წლის კოლია გაბიტაშვილს, თანასოფლელის განზრახ მკვლელობისთვის, 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა საბოლოო ვერდიქტი გამოუტანა. მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სოფელ ვეჯინში, გაბიტაშვილების საკუთრება, ადგილობრივებმა მას შემდეგ გადაწვეს, რაც 90 წლის კოლია გაბიტაშვილმა 35 წლის მეზობელი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. დანაშაულის შემდეგ, გაბიტაშვილების ოჯახმა სოფელი დატოვა და საცხოვრებლად სავარაუდოდ, საზღვარგარეთ გაემგზავრა.

მოკლული ბექა ჯანიაშვილის მამა "კურიერთან" ყვება, თუ როგორ გაიგო გასროლის ხმა ნაკვეთში მუშაობის დროს. დავით ჯანიაშვილი იხსენებს შვილის უკანასკნელ სიტყვებს, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. მამაკაცი გურჯაანის საავადმყოფოში გადაყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. მას სხეულზე საფანტით მიყენებული 14 შემავალი ჭრილობა აღენიშნებოდა.

მკვლელობის მოტივი ღობე გახდა, რომლის გავლება კოლია გაბიტაშვილმა რამდენჯერმე სცადა, თუმცა ამით ის ჯანიაშვილებს საკუთარ ნაკვეთში მისასვლელ გზას უკეტავდა. ადგილობრივებმა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში დაადასტურეს, რომ 90 წლის მეზობელმა ახალგაზრდა მამაკაცი სწორედ ღობის გამო დაწყებული კონფლიქტის ნიადაგზე გაიმეტა.

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების მიუხედავად, მსჯავრდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ადვოკატის თქმით, საქმის მასალებით არ დგინდება, თუ ვინ განახორციელა სასიკვდილო გასროლა ფერმის ტერიტორიაზე.

პროკურატურამ სასამართლოში სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ექსპერტიზის დასკვნები და დანაშაულის იარაღი წარადგინა. დენთის კვალი, ბიოლოგიური მასალა, გასროლის ტრაექტორია და საგამოძიებო ექსპერიმენტი - ეს ის გარემოებებია, რომლის საფუძველზეც 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და 90 წლის კოლია გაბიტაშვილი დამნაშავედ ცნო.

90 წლის მსჯავრდებული ახლა გლდანის ციხეში იმყოფება. დაცვის მხარეს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი გაასაჩივრებს თუ არა განაჩენს შემდგომ ინსტანციაში.

დღის ამბები