03 მაისი 2024,   02:30
ვრცლად
"თქვენს მიერ შეწყალებულმა 575-მა მსჯავრდებულმა, ხელმეორედ ჩაიდინა 672 დანაშაული" - მდინარაძე პრეზიდნეტს მიმართავს

გულახდილად რომ გითხრათ, ბევრმა ადამიანმა, ალბათ, ვერც კი გაიგო მთავარი აქცენტები - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საკუთარი გამოსვლა პრეზიდენტის გამოსვლის კრიტიკით დაიწყო.

მისი თქმით, ბევრი ადამიანი ვერ მიხვდა, რაზე იყო ამ მოხსენებაში სწორება და რა იყო ძირითადი მიმართულებები.

მდინარაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სატელევიზიო ინტერვიუდან გაიგეს, რომ მას კონკრეტულ საკითხებზე უსაუბრია.

„თქვენ აქცენტი გაგიკეთებიათ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე, რაც მოხსენებაში არ ჩანდა“-განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, პრეზიდენტს ძალიან ბევრი კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი. მდინარაძემ ხაზგასმით აღნიშნა შეწყალებების საკითხი.

„თქვენ პასუხები გაქვთ გასაცემი მრავალ კითხვაზე. მაგალითად, შეწყალებებთან დაკავშირებით. რატომ ხდება, რომ კონვეინერული სისტემით, ყოველგვარი რეალური ანალიზის გარეშე, ხდება პირთა შეწყალებები , რომელთაგანაც დაახლოებით 70-80% მეტი მსჯავრდებული იყო მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებში. 9 და 10 ათასი პატიმრიდან თქვენ 3600-ზე მეტი შეიწყალეთ.

თქვენ შეიწყალეთ ადამიანი, რომელის საქმის განხილვა დასრულებული არ იყო სამივე ინსტანციის სასამართლოში, შეიწყალეთ ოჯახის წევრი, მოახდევინეთ მხოლოდ სამი წელი და ეს მოხდა შესაბამისი კომისიის გვერდის ავლით.

თქვენს მიერ უკანასკნელ წლებში შეწყალებულია 55 მსხვილი ნარკორეალიზატორი, თქვენს მიერ შეწყალებულმა 575-მა მსჯავრდებულმა ხელმეორედ ჩაიდინა 672 დანაშაული, რომელთაგან 189 მძიმე და განსაკუთრებით მძიმე იყო, აქედან 40 ძალადობის და ოჯახური ძალადობის შემთხვევა“ - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, პრეზიდენტი ცდილობს შეწყალებების საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აირიდოს.

„ამ ყველაფერს აწერდით დახასიათებას. თქვენ 21 ისეთი დამნაშავე შეიწყალეთ, რომელთაგან ყველა მათგანს უარყოფითი დახასიათება ჰქონდათ,“- განაცხადა მდინარაძემ.

მან გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის რიტორიკის გაგრძელებაში დაადანაშაულა და იმის გამო გააკრიტიკა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეს ე.წ. პიჯაკების საქმე, სააკაშვილის კი პოლიტიკური ნიშნით დევნილი უწოდა.

„სამწუხაროა, რომ თქვენი და გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ლოგიკა ერთი-ერთში დაემთხვა ერთმანეთს. წარმოუდგენელი ამბავი იყო, როცა სცადეთ ამ საქმესთან დაკავშირებით(გირგვლიანის საქმე) სააკაშვილის გამართლება და მას პოლიტიკური ნიშნით დევნილი უწოდეთ.

უფრო მეტიც, თქვენი წინამორბედისგან 9 მილიონამდე თანხის დანაშაულებრივ ხარჯვას მისივე მესიჯბოქსის კვალდაკვალ უწოდეთ პიჯაკების საქმე. სწორედ ასეთი წარმოდგენების შექმნის მცდელობის ფონზე იყო რომ დააანონსდა გირგვლიანის შესწორებები,“-განაცხადა მდინარაძემ.

მან ასევე შეახსენა პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისთვის ბოიკოტის გამოცხადება, როცა კომისია ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი.

მდინარაძის თქმით, პრეზიდენტმა ვერ შეინარჩუნა ობიექტურობა და გახდა "რამდენიმე ოპოზიციური პარტიის თუ ორგანზიაციის პრეზიდენტი."

დღის ამბები