05 მაისი 2024,   06:01
ვრცლად
მოსახლეობას ეს უქმნის სერიოზულ პრობლემას - ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას ეხმაურება  

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით დღეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტები დაიკეტება. ამის მიზეზად ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახური მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს ასახელებს.

სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრაზეც იმსჯელებენ.

„ეს არის, დაახლოებით, ხოლმე დროებითი ზომა, რომელიც გაგრძელდება ამჯერადაც რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, მოსახლეობას ეს უქმნის დამატებით სერიოზულ პრობლემას და ეს ცხადია, ასევე, იქნება მალე დაგეგმილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის თემა,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის ფაქტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც ეხმაურება. მიხეილ ჯანელიძის თქმით, დაწესებული შეზღუდვების მალე გასაუქმებლად სახელმწიფო ყველა სამშვიდობო ბერკეტს გამოიყენებს.

ე.წ. საზღვარი დღეს საღამოს 20:00 საათზე ჩაიკეტება. მოძრაობა 10 მაისიდან განახლდება.

დღის ამბები