05 მაისი 2024,   01:59
ვრცლად
დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანა - სამართალდამცველებმა აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავეს

საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 2018 წლის 7 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასაზღვრო პუნქტ „კარწახში“ აზერბაიჯანის ორი მოქალაქე - 1969 წელს დაბადებული და 1982 წელს დაბადებული პირები დააკავეს.

სამართალდამცველებმა მათი ავტომანქანის დათვალიერებისას ავტომობილის სალონში გადამალული 1 400 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ აღმოაჩინეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ თითქოს არსებობს მავნე და არამავნე ნარკოტიკები, რომ თითქოს „მეფედრონი“ კლავს და სხვა სინთეტიკური ნარკოტიკი ან „ჰეროინი“ - არა. ამგვარი მსჯელობა, ისევე, როგორც დაუსრულებელი საუბრები ლიბერალიზაციაზე, მხოლოდ ახალისებს ნარკოდანაშაულს, ახდენს ნარკოტიკების პროპაგანდას და ხელს უშლის პრევენციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ეს ბრძოლა დღევანდელი გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო გამკაცრდება,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები