11 მაისი 2024,   06:21
ვრცლად
ჩვენი სამიზნე არ იყვნენ ახალგაზრდები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ - ნათია მეზვრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე 12 მაისი მოვლენებს არა სპეცოპერაციად, არამედ საგამოძიებო მოქმედებად აფასებს.

ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ 3 თვე შსს აწარმოებდა საგამოძიებო მოქმედებებს და დადგინდა, რომ კლუბებში ადგილი ჰქონდა ნარკოტიკული საშუალებების გასაღების არა ერთი ფაქტი.

„მათ შორის ბასიანსა და გალერიში, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩავატარეთ. კლუბებში ხდებოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია. რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა და ეს ადამიანები კლუბებში იმყოფებოდნენ,“ - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

მისივე განმარტებით, კლუბებში შესვლის დრო შერჩეული იყო სწორედ საგამოძიებო მოქმედებების დროს გამოკვეთილ ფაქტებზე დაყრდნობით. ანუ, ღამის 2-3 საათზე, როცა ხდებოდა კლუბებში ნარკოტიკების რეალიზება.

მას კლუბებში შესვლის და ჩხრეკის ჩატარების ერთ-ერთ მთავარ მოტივად გალერის დაცვის უფროსის აყვანას ასახელებს, რომელსაც დაკავებისას 50 აბი ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა თან.

ნათია მეზვრიშვილი ასევე განმარტავს, რომ კლუბებიდან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული.

მინისტრის მოადგილეს უკვირს, რატომ მოჰყვა ამხელა პროტესტი კლუბების ჩხრეკას, როდესაც სამართალდამცავებს არც ერთი სტუმარი არ დაუკავებიათ, რომელთა ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

„ჩვენი სამიზნე არ იყვნენ ახალგაზრდები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, გადაამეტა თუ არა ძალა პოლიციამ და იყო თუ არა სამართალდამცავთა გადაჭარბებული რაოდენობა გამოყენებული,  შს მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ კლუბებში იმყოფებოდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები, რის გამოც არსებობდა დაპირისპირების საფრთხე. სწორედ ამის გამო იყო, მეზვრიშვილის თქმით, ადგილზე სამართალდამცავთა დიდი რაოდენობა მობილიზებული.

ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, ის, რაც კლუბების გარეთ მოხდა მას შემდეგ, როდესაც დაწესებულების სტუმრები გარეთ გამოვიდნენ და ადგილი ჰქონდა პოლიციასთან ინციდენტებს, არ შეიძლება, შეფასებული იქნას ადამიანის უფლებების დარღვევად.

„სახალხო დამცველთან არც ერთი საქმე არ არის შესული, ვისი უფლებებიც დაირღვა,“ -განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

რაც შეეხება ზურა ჯაფარიძისა და ზვიად გელბახიანის დაკავებას, ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, მათ ადგილზე ჩაიდინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მათ შორის წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. 

კითხვაზე, თუ არაფერი დარღვეულა, რისთვის მოიხადა მინისტრმა ბოდიში, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ იმ მომენტში ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.

„ბოდიში მოვიხადეთ იმიტომ, რომ იმ მომენტში ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ ბოდიში მოვუხადეთ იმ ადამიანებს, კლუბში შეკრებილ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებით კლუბში და კლუბის გარეტერიტორიაზე დისკომფორტი შევუქმენით,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მინისტრის მოადგილე შაბათს დაანონსებულ აქციასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ შსს უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას. 

დღის ამბები