26 აპრილი 2024,   13:16
ვრცლად
უსაფრთხოება სკოლებში - პარლამენტში შსს-სა და განათლების მინისტრის მოადგილეები საკანონმდებლო ცვლილებაზე მსჯელობენ 

დეპუტატები საკანონმდებლო ცვლილებას განიხილავენ, რომელიც სკოლებში უსაფრთხოების გამკაცრებას ითვალისწინებს. პარლამენტში იმყოფებიან შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლები.

ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სკოლებში უსაფრთხოება შეასუსტა, რაც შეცდომა იყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, აი ფრიად უცნაურ სახელმწიფო სტრუქტურასთან გვაქვს საქმე. მეორე, ამ კანონით, აღიარებთ თუ არა თქვენ, რომ პრაქტიკულად, სკოლებში, უსაფრთხოების სისტემა 2012 წლიდან ჩამოშალეთ, და თქვენი აზრი მაინტერესებს, ეს უსაფრთხოების სისტემა დააზიანა უფრო იმ კანონმა, რომელსაც ახლა თქვენ ცვლით და გარკვეულწილად, რაღაცეებს უკან აბრუნებთ, თუ თვითონ პრაქტიკამ,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გუგული მაღრაძემ წინა ხელისუფლების პერიოდი გაიხსენა. მაღრაძემ კონკრეტულად მანდატურების საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ იმ პერიოდში მათზე დიდი პოლიტიკური დატვირთვა ხორციელდებოდა.

„ძველი ხელისუფლების პირობებში, მანდატურების ძალიან დიდმა დატვირთვამ, პოლიტიკური, დამსჯელობითი და სხვა, შესაძლოა გამოიწვია ე.წ. ზამბარის ეფექტი და რომ შედარებით უარყოფითი დამოკიდებულება იყო მანდატურების მიმართ და ჩვენ ახლა ვასწორებთ ამას,“ - აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

კანონთან დაკავშირებით, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი ზაქარია ქუცნაშვილმა გააკეთა განცხადება.

„200 მოსწავლეზე ვრცელდება ეს თქვენი კარგი კანონი, შესაბამისად, იმ სკოლებს, რომელსაც 200 მოსწავლეზე ნაკლები ჰყავთ, ფაქტიურად, დირექტორს უთავსებთ მანდატურის ფუნქციას,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

დეპუტატების შეკითხვებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა უპასუხა.

„რაც შეეხება იმას, ვაღიარებ თუ არა, რომ იყო რაიმე ტიპის შეცდომები და კანონი არ მუშაობდა, არაფერს არ ვაღიარებ. გარკვული მუხლები ზოგადი განათლების შესახებ კანონში ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ ეფექტიანად ემუშავა, ვერ იმაში ვხედავ პრობლემას, რომ ვთქვა, რომ ეს გარკვეული მუხლები ზოგადი განათლების შესახებ კანონში პრაქტიკაში აღსრულების თვალსაზრისით, დიახ, ქმნიდა პრობლემას და ზოგიერთ შემთხვევაში ქმნიდა მნიშვნელოვან პრობლემას,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა

განათლების მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ მურღულიას თქმით, იმაზე აპელირება, რომ თითქოს, მდგომარეობა გაუარესდა, არასწორია.

დღის ამბები