19 ივნისი 2019,   00:07
ვრცლად
მე ვერ ვისაუბრებ იმაზე, რაზე ვისაუბრეთ შიგნით - ეკა ბესელია მმართველი გუნდის შეხვედრაზე

„ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, ვისაუბრეთ ამ კვლევაზეც, მათ შორის, ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, მაგრამ მე ვერ ვისაუბრებ იმაზე, რაზე ვისაუბრეთ შიგნით,“ – ეს განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, საპარლამენტო უმრავლესობასა და მთავრობის წევრებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ეკა ბესელიას თქმით, UNICEF-ის კვლევაზეც  ისაუბრეს, რომელიც სიღარიბის მაჩვენებლის ზრდას შეეხებოდა. თუმცა, პარლამენტის წევრი კონკრეტულად არ პასუხობს კითხვას, ისაუბრეს თუ არა მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე.

ეკა ბესელიას თქმით, არაეთიკური იქნება, თუ შიდაპარტიულ დისკუსიაზე ჟურნალისტებთან კომენტარს გააკეთებს.

„ეს არის შიდა შეხვედრა, ეს არის შიდაპარტიული დისკუსია და მე არ მიმაჩნია ეთიკურად, რომ ვისაუბრო ამაზე,“ - განაცხადა ბესელიამ.

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ღიად საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ ცვლილებები საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე აუცილებელია. ეკა ბესელია თანაგუნდელების მოსაზრებას იზიარებს და აცხადებს, რომ სამომავლოდ არაფერს გამორიცხავს.

„მომავალში ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ და ცვლილებების საჭიროებას შეიძლება, სხვადასხვა მიმართულებით ჩვენ ზოგადად ვხედავდეთ, მაგრამ დღეს არ ვსაუბრობ ამაზე,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და მთავრობის წევრებს შორის გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე სამთავრობო ცვლილებებზე უნდა ემსჯელათ. ამას მმართველი გუნდის წევრების ნაწილიც ადასტურებდა.

დღის ამბები